თამარ ჩუგოშვილი - სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგიკულია, მთავრობის მეთაურს შესაძლებლობა ჰქონდა, ამ თემაზე მთელი მსოფლიოსთვის მიემართა
თამარ ჩუგოშვილი - სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგიკულია, მთავრობის მეთაურს შესაძლებლობა ჰქონდა, ამ თემაზე მთელი მსოფლიოსთვის მიემართა

სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი და ტრაგიკულია, მთავრობის მეთაურს შესაძლებლობა ჰქონდა, ამ თემაზე სასაუბროდ მთელი მსოფლიოსთვის მიემართა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ვნახეთ, რომ პრემიერის გამოსვლის ძალიან დიდი ნაწილი ოკუპაციის პრობლემას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის აგრესიას ეხებოდა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა ქართული სახელმწიფოს გზავნილი ის, რომ გაერო-ს რეფორმირება სჭირდება, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაეროს მისამართით კრიტიკა მაღალი ტრიბუნიდან გაისმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ჩვენ უფლება გვაქვს, გაეროს მიმართ კრიტიკული ვიყოთ.

„სიახლე არ არის, რომ გაერო ეფექტური ორგანო აღარ არის და ისე ვეღარ უმკლავდება ამოცანებს, რომლებთან გასამკლავებლადაც შეიქმნა. ეს თვითონ გაერო-ს მიერ არის აღიარებული და თვითონ გაერო-ში დიდი ხნის განმავლობაში მიდის საუბარი, რომ რეფორმირება უნდა მოხდეს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერის გამოსვლა აქცენტს რამდენიმე თემაზე აკეთებდა.

„მისი გამოსვლა აკეთებდა აქცენტს, რომ ბუნებრივია, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია რუსეთის, ოკუპაციის ნაწილია. გამოსვლის მეორე კომპონენტი ისაა, რომ იმ პირობებშიც კი, როცა რუსეთის სახით ამხელა კედელს ვეჯახებით და ამხელა სირთულეებთან გვიწევს გამკლავება, ვვითარდებით და წინ მივდივართ, ასეთ პრობლემებთან გამკლავებისთვის კი, გაერო ბევრად უფრო ეფექტური უნდა იყოს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, გაერო-ს თავისი პოზიცია ბევრი რეზოლუციით აქვს დაფიქსირებული და პოზიცია ძალიან ბევრჯერ აქვს გამოხატული, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, გაერო ქვეყნების ერთიანობაა და შესაბამისად, ეს არის მოწოდება როგორც გაეროს სხვა წევრი ქვეყნების, ასევე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მთლიანად ორგანიზაციას წარმოადგენენ.

„საქართველო პრობლემას მარტო ვერ გაუმკლავდება, რადგან პრობლემა ძალიან მასშტაბურია. რუსეთი ძალიან დიდი და ძლიერია იმისთვის, რომ ამ პრობლემასთან გამკლავება მარტომ ვცადოთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებები აქვს აღებული, რაც უნდა შეასრულოს და ამ შესრულების დავალდებულებაში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს, მათ შორის, უფრო აქტიური – გაერო-მაც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა.