თამარ ჩუგოშვილი - შემოთავაზებული სისტემა დღეს არსებულზე უკეთესია, მაგრამ ვერ სჯობს იმას, რაც უკვე გვიწერია კონსტიტუციაში
კონსტიტუციის შეცვლა შესაძლებელია და ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, – ასეთი კომენტარი გააკეთა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა საარჩევნო სისტემის შესახებ მმართველი გუნდის ახალ ინიციატივაზე.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, 2020 წლის არჩევნების შემდეგ ძალაში შედის პროპორციული სისტემა 5%-იანი ბარიერით, ბლოკების გარეშე, რაც მისაღები და მისასალმებელია.
„შემოთავაზებული სისტემა დღეს არსებულ განაწილებაზე უკეთესია, მაგრამ ეს არ სჯობს იმას, რაც უკვე გვიწერია კონსტიტუციაში და რაც ძალაში უნდა შევიდეს 2020 წლის არჩევნების მეორე დღიდან. ამის შებრუნება ისევ შერეულ საარჩევნო სისტემაზე, თუნდაც უკეთესი პროპორციით, ძალიან გაძნელდება. არ მგონია, რომ ეს ინიციატივა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოაგროვებს. თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოაგროვებს, ვერც ინიციატივა იქცევა რეალობად“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.
მმართველი გუნდი ინიციატივით გამოდის, პარლამენტში მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს.
ამასთან, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განმარტა, მმართველი გუნდის ინიციატივა არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ შემდგომ არჩევნებსაც ეხება.