თამარ ჩუგოშვილი - სასამართლო სისტემის ხელით მართვა წარსულში უნდა დარჩეს, რადგან ეს სწორი არ არის
სასამართლო სისტემის ხელით მართვა წარსულში უნდა დარჩეს, რადგან ეს სწორი არ არის და არც იმ მოსაზრებას ვეთანხმები, რომ 2012 წელს ყველა მოსამართლე უნდა გათავისუფლებულიყო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„რამდენი ხელისუფლებაც შეიცვლება, მოსამართლეთა კორპუსი პოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად არ უნდა იცვლებოდეს. ვფიქრობ, ასე თუ მივუდგებით, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების სისტემიდან ვერასოდეს გამოვალთ.
ბუნებრივია, ერთი მხრივ, რეფორმების გზით უნდა ვიაროთ, მაგრამ მეორე მხრივ, პასუხისმგებლობა თვითონ იუსტიციის საბჭომაც უნდა იგრძნოს იმაზე, რომ მათი გადაწყვეტილებები მუდმივად საზოგადოების პროტესტს კი არ იწვევდეს, არამედ პირიქით, ახერხებდნენ იმას, რომ საკუთარი გადაწყვეტილებების მიმართ პირველ რიგში, საბჭოს შიგნით, 15 ადამიანში იყოს ერთიანობა და შემდეგ უკვე, საზოგადოების მხარდაჭერა იყოს მაქსიმალურად მაღალი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.