თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს მხარდამჭერი აქტი მოუწოდებს აშშ-ის მთავრობას, დააჩქაროს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ს კონგრესმა, მან მხარი დაუჭირა საქართველოს მხარდამჭერ აქტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ დოკუმენტის მისაღებად საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მთავრობა და პარლამენტი, ასევე აშშ-ში საქართველოს საელჩო.
„ეს დოკუმენტი არის პირველ რიგში დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება საქართველოს მიმართ ყველა მიმართულებით, როგორც დასავლური ინტეგრაციის, ტერიტორიული მთლიანობის, ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, მაგრამ შიგნით არის ასევე კონკრეტული შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის. პირველ რიგში, ეს ეხება ამერიკის კონგრესის მოწოდებას მთავრობის მიმართ, დააჩქაროს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებები, რაც ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, ასევე დოკუმენტში არის მოწოდებები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით.
„ეს გულისხმობს, რომ პირები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩადიან სასტიკ დანაშაულებს, როგორსაც ადგილი ჰქონდა ოთხოზორია-ტატუნაშვიილის თუ ბაშარულის შემთხვევაში, ასეთ დანაშაულში მსჯავრდებულების მიმართ უნდა მოხდეს სანქციების გამოყენება. სხვადასხვა ქვეყნებმა მათ უარი უნდა უთხრან, როგორც შესვლის, საკუთრების ფლობის უფლებაზე, ისე სხვა უფლებამოსილების განხორციელებაზე“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი შეფასებით, ეს ყველაფერი არის დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
„ამის გაგრძელება იქნება იგივე აქტის წარდგენა აშშ-ის სენატში ანუ ზედა პალატაში, შემდეგ კი, ამერიკის მთავრობა დაიწყებს აღნიშნული აქტის განხორციელებას, რასაც ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.
თამარ ჩუგოშვილმა კონგრესის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს, ინიციატორ და მხარდამჭერ კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ი განაგრძობს საქართველოში დემოკრატიული ღირებულების განვითარების მხარდაჭერას.