თამარ ჩუგოშვილი - საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე უბრალოდ, ვერ გავა
ოპოზიციის ხმები ყველა შემთხვევაში დაგვჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე უბრალოდ, ვერ გავა. შესაძლოა, „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმა არც დაუჭიროს მხარი, მაგრამ რომც დაუჭიროს, მაინც არ გვეყოფა, რადგან ჩვენ არ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ გვაქვს მყარი უმრავლესობა, მაგრამ არა საკონსტიტუციო. შესაბამისად, ამ ცვლილებების გატანას ოპოზიციის დეპუტატების მხარდაჭერა ყველა შემთხვევაში დასჭირდება. ეს გარდაუვალია და თუ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიცია უმრავლესობასთან არ ითანამშრომლებს, მაშინ ეს კანონპროექტი უბრალოდ, არ მიიღება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ამ განცხადებით თამარ ჩუგოშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორი განწყობებია მმართველ გუნდში, ექნება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტს საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა და დასჭირდება თუ არა „ქართულ ოცნებას“ კენჭისყრის დროს ოპოზიციის ხმები.
მისი თქმით, შემდგარი ფაქტია ის, რომ საქართველოში რევოლუციური პოლიტიკური ცვლილებები ხდება.
„ეს უბრალოდ, საარჩევნო სისტემის ცვლილება არ არის. ეს არის ქვეყანაში პოლიტიკური მოცემულობის აბსოლუტურად ცვლილება. იმ ვითარებიდან, როდესაც მიჩვეული ვართ ერთი პარტიის დომინაციას და მმართველობას, გადავდივართ სრულიად სხვა სისტემაზე, როცა თუ პარტიებმა ერთმანეთთან არ ითანამშრომლეს, პარლამენტი უბრალოდ, მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებს და 2020 წელს ეს რეალობა დაგვიდგება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, პოლიტიკურ პარტიებთან გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე ორი საპარლამენტო პარტია, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფრთა არ მივიდა, რაც ძალიან უცნაური იყო.
„მათ დაამუნათეს კიდეც სხვები, რომლებიც ამ შეხვედრაზე მოვიდნენ. ასეთი მიდგომა ძალიან უცნაურია. იმიტომ, რომ ისინი ითხოვდნენ ამ სისტემის შემოთავაზებას; ჩვენ შევთავაზეთ, გვინდოდა, მათთვის გაგვეცნო და რაღაც უცნაური პროტესტის საბაბით არ მოვიდნენ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ნულოვან ბარიერს ყველა სხვა პარტია მიესალმება და ზოგიერთი მათგანი ითხოვს, ნულოვანი ბარიერი იყოს არა ერთჯერადი ზომა, არამედ ასე ჩაიწეროს კონსტიტუციაში.
„ახლა, სრულიად სხვადასხვა შემოთავაზება გვაქვს. ზოგი ფიქრობს, რომ 3%-იანი ბარიერი უნდა იყოს, ზოგი მხარს უჭერს მუდმივად ნულოვან ბარიერს და ა.შ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთჯერადად ნულოვანი ბარიერი არის სწორი. ამას აქვს თავისი ძალიან სერიოზული, ძლიერი მხარეები და ამისთვის აბსოლუტურად მზად ვართ. თუმცა, ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ, გარკვეული ბარიერის შემოღება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდეს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ კანონპროექტს ოპოზიციის დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა დაუჭერს მხარს, რადგან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მათი მოთხოვნა იყო, წლების განმავლობაში.