თამარ ჩუგოშვილი - სახელმწიფოს მიზანია, შემცირდეს ზიანი, რომელიც ნარკოტიკის მოხმარებას საზოგადოებისთვის მოაქვს
თამარ ჩუგოშვილი - სახელმწიფოს მიზანია, შემცირდეს ზიანი, რომელიც ნარკოტიკის მოხმარებას საზოგადოებისთვის მოაქვს

სახელმწიფოს მიზანია, შემცირდეს ზიანი, რომელიც ნარკოტიკის მოხმარებას საზოგადოებისთვის მოაქვს, შემცირდეს ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა და მოხდეს პრევენცია, რათა ნარკომომხმარებელთა რაოდენობა არ გაიზარდოს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ამისთვის ძალიან ბევრი სახელმწიფო სერვისის აწყობაა საჭირო, რაც დღეს არ არსებობს და ეს სერიოზულ საბიუჯეტო ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომელიც უნდა გამოიყოს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად სხვადასხვა ტიპის პრევენციული პროგრამები უნდა ამუშავდეს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ნარკოტიკების რეალიზაცია მძიმე დანაშაულია, ამისთვის მძიმე სასჯელი უნდა იყოს და ნარკოტიკების რეალიზაციას სახელმწიფო სწორედ რომ, რეპრესიული მეთოდებით უნდა ებრძოდეს, მაგრამ ქვეყანას წლების განმავლობაში ჰქონდა პოლიტიკა, როცა სახელმწიფო ასევე რეპრესიული მეთოდებით ებრძოდა ნარკოტიკების მომხმარებლებს, ნარკოდამოკიდებულ პირებს და ნარკოტიკების სხვადასხვა ფორმით ფლობას, ან გავრცელებას, რამაც ზიანის შემცირება და ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობის კლება არ მოგვიტანა.

„სახელმწიფოს ახლა სხვა ტიპის პასუხისმგებლობა უჩნდება, რომ ნარკოდამოკიდებულ ადამიანზე იზრუნოს და მის მიმართ უფრო ჰუმანური მიდგომა ჰქონდეს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის ნარკოტიკების რეალიზაციისთვის სასჯელის კიდევ უფრო გამკაცრებას არ გამორიცხავს.