თამარ ჩუგოშვილი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის საქმეზე გადაწყვეტილება შესაბამისი მოკვლევის შემდეგ უნდა მიიღონ
თამარ ჩუგოშვილი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის საქმეზე გადაწყვეტილება შესაბამისი მოკვლევის შემდეგ უნდა მიიღონ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის საქმეზე გადაწყვეტილება შესაბამისი მოკვლევის შემდეგ უნდა მიიღონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ უგრეხელიძის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, ამას შესაძლებელია, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვეს.

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ სექსუალური შევიწროების ყველა ფაქტი, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება მაღალი თანამდებობის პირებს, ძალიან მძიმე ბრალდებაა. ვფიქრობ, ყველა მათგანი და ეს კონკრეტული შემთხვევა, აუცილებლად უნდა იყოს სათანადოდ შესწავლილი.

ამ კონკრეტულ ფაქტზე ინფორმაცია არ მაქვს, ვიცი მხოლოდ ის, რაც მედიით გაჟღერდა და შემიძლია მხოლოდ  ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, რომ უნდა მოხდეს შესაბამისი მოკვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. თუ ეს ფაქტი დადასტურდება, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, კანონით გათვალისწინებული რეაგირებები იქნას გამოყენებული“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ერთ-ერთმა თანამშრომელმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ​

როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 26 მარტს პრესკონფერენციაზე განაცხადა, პაპუნა უგრეხელიძის საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო დავა, სადაც თავად უგრეხელიძე არის მოპასუხე.