თამარ ჩუგოშვილი - საერთაშორისო პარტნიორებს მუდმივად უნდა ვახსენებდეთ, რომ ოკუპაციის პრობლემასთან საქართველოს მარტო დატოვება არ შეიძლება
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„პირველ რიგში, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბურობის დადგენა და ამის რუსეთთან დაკავშირება. ეს საქმე პოლიტიკურად ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რადგან ეს ყველაფერი საერთაშორისო მასშტაბით, 2008 წლის ომზე რუსეთის პოლიტიკური პასუხისმგებლობის სამართლებრივ კონტექსტში გაფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, როცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს, ის სახელმწიფოსთვის კონკრეტულ ვალდებულებებს ადგენს და მხარეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ავალებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღსრულების რა მექანიზმები არსებობს საერთაშორისო დონეზე, რომ რუსეთს დაკისრებული პასუხისმგებლობის აღსრულება აიძულოს, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ რეზოლუციებისგან განსხვავდება, რასაც სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეებში, თუ სხვაგან ვისმენთ, რადგან სასამართლოს კონკრეტული შემბოჭველი ძალა აქვს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ევროსაბჭოს ყველა წევრი ქვეყანა განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებს კიდევ უფრო სხვა ძალა აქვს, ვიდრე პოლიტიკურ დოკუმენტებს, მაგრამ ჩვენ ქვეყანას მათ შორის, პოლიტიკური დოკუმენტებიც სჭირდება, რათა საქართველოს ოკუპაციის პრობლემა მსოფლიოში არსებულ ძალიან ბევრ პრობლემას შორის არ ჩაიკარგოს.
„ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს მუდმივად უნდა ვახსენებდეთ, რომ ამ პრობლემასთან საქართველოს მარტო დატოვება არ შეიძლება; ისინი მუდმივად ჩვენ გვერდით უნდა იყვნენ და ჩვენ დასახმარებლად გააქტიურდნენ. ამიტომ, პოლიტიკურ ტექსტებზე და რეზოლუციებზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, დაგვიდგება მომენტი, როცა ყველა დოკუმენტი, რომელიც იქმნება, სამართლებრივ ბაზად და პრობლემის გადაჭრის საფეხურებად გამოდგება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.