თამარ ჩუგოშვილი - საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ჩვენი პოზიცია ნათელია, მზად ვართ, ყველა პოლიტიკურ ძალასთან გვქონდეს დისკუსია
ჩვენი პოზიცია უკვე ნათელია საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, მზად ვართ, ყველა პოლიტიკურ ძალასთან გვქონდეს დისკუსია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო თემაზე მომუშავე ჯგუფი პარლამენტში უკვე მუშაობს, რომელშიც ჩართულია, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე პარტია „ევროპული საქართველო“.
„ჩვენ ყველა პოლიტიკურ ძალასთან მზად ვართ, რომ დისკუსია გვქონდეს. ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია უკვე საკმაოდ მკაფიო და ნათელია, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ. შესაბამისად, თუ მათ სურვილი ექნებათ, რამე ფორმით ჩაერთონ მოლაპარაკებების პროცესში, რა თქმა უნდა, ეს შეუძლიათ. კარგად არის ცნობილი, რომ პარლამენტში უკვე მუშაობს საარჩევნო თემაზე მომუშავე ჯგუფი, იქ მონაწილეობს, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „ევროპული საქართველო“ და მათ გაშვებას ამ ფორმატიდან არავინ აპირებს“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია.
„კარგად არის ცნობილი, რაზეც არის საუბარი, არის სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რაც იყო პოლიტიკური ძალების დიდი ხნის მოთხოვნა, მათ შორის პირველ რიგში, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოსი“. ჩვენ შემოთავაზებულ ვერსიაში არის ნულ პროცენტიანი ბარიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო კონკურენტულ ვერსიას ვთავაზობთ პოლიტიკურ ძალებს ამ პროპორციული სისტემის. ყველა დანარჩენი საკითხი, რომელიც ეხება საარჩევნო პროცესებს, საარჩევნო კანონმდებლობას, განიხილება საარჩევნო სამუშაო ჯგუფში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, საარჩევნო სისტემაზე მსჯელობა გაიმართება საერთო სახალხო განხილვისა და საპარლამენტო განხილვების ფორმატში.
„ყველა სხვა საკითხი, რომელიც შეეხება საარჩევნო თემატიკას, განიხილება საარჩევნო ჯგუფში, უკვე დათქმული გვაქვს, ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 8 ივლისს უნდა დაიწყოს და სამი დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს ანუ საარჩევნო სისტემის ცვლილებას, დაინიცირებიდან სულ მცირე, ერთი თვე საერთო სახალხო განხილვები უნდა მიმდინარეობდეს, ხოლო სექტემბრიდან დაიწყება საკომიტეტო და სასესიო განხილვები“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.
ამასთან, პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, მმართველ გუნდს აღნიშნული ცვლილებები ვენეციის კომისიისთვის არ გაუგზავნია, რადგან ვენეციის კომისიის პოზიცია საკმაოდ მკაფიოა.
„ყველამ კარგად ვიცით, ვენეციის კომისია ემხრობოდა საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ამიტომ ვფიქრობ, მათი მხრიდან იქნება ალბათ მხოლოდ მისალმება, მით უმეტეს, რომ ევროსაბჭოდან უკვე გაკეთდა განცხადება და ამ განცხადებაში მიესალმნენ ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ საარჩევნო სისტემა შეგვეცვალა და გადავსულიყავით პროპორციულზე“, – აღნიშნა მან.
კითხვაზე, რომ ზოგიერთი პარტია ბლოკების დაშვებას პრინციპულ საკითხად მიიჩნევს, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ამ მოთხოვნაში ლოგიკას ვერ ხედავს.
„თქვენ თვითონ განსაჯეთ, ბარიერი არის 0,67 პროცენტი, ანუ ამდენის მოგროვებაც თუ არ შეუძლია პოლიტიკურ ძალას და ითხოვს ბლოკებს, რომ ეს ბარიერი, ანუ ნულოვანი ბარიერი გადალახოს, რამდენად ადეკვატურია ეს მოთხოვნა. მე ლოგიკას ვერ ვხედავ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.