თამარ ჩუგოშვილი - რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება სწორია, რადგან საქართველო გამონაკლისი ქვეყანა არ არის
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის დასაფიქსირებლად მიიღო.
როგორც პირველ არხს ჩუგოშვილმა განუცხადა, საქართველოს მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საქართველო გამონაკლისი ქვეყანა არ არის.
„ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ რუსი დიპლომატების გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, რაც ცნობილ ფაქტს მოჰყვა. ამას სხვა ქვეყნები დამატებით შეუერთდებიან თუ არა, ამის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.
საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად შვიდდღიან ვადას აძლევს.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.
ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მალევე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს.
ამ დროისთვის, რუსი დიპლომატები 30-მდე სახელმწიფომ გააძევა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, მოლოდვამ და უკრაინამ. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, აშშ-ის 60 რუსი დიპლომატი დატოვებს, სიეტლში კი რუსეთის საკონსულო დაიხურება.