თამარ ჩუგოშვილი - ქალისა და მამაკაცისთვის ოჯახის ტვირთის განაწილება თანაბარი პასუხისმგებლობაა
მიხარია, თქვენს მიერ გამოკითხული მამაკაცების უმეტესობა რომ ქალის ეკონომიკურ აქტიურობას მიესალმება, მაგრამ ქალისა და მამაკაცისთვის ოჯახის ტვირთის განაწილებაც თანაბარი პასუხისმგებლობაა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ამაში ალბათ საზოგადოება არ დამეთანხმება და უფრო ჩათვლიან, რომ ეს როლი თანაბრად გადანაწილებული არ უნდა იყოს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენადაა მზად ქართული საზოგადოება გენდერული თანასწორობის მისაღებად, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ის ქვეყანა არ არის, რომელსაც ქალების აქტიურობისა და საჯარო სივრცეში ყოფნის გამოცდილება არ აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, არის ძალიან მძიმე ფაქტებიც.
„სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირმა ძალიან მძიმე დაღი დაგვასვა, მაგრამ 100 წლის წინ, ჩვენი პირველი რესპუბლიკის პერიოდში ძალიან აქტიური ქალები გვყავდა. ბუნებრივია, ეს საზოგადოების დამოკიდებულებაზე გავლენას ახდენს, მაგრამ სამწუხაროდ, არის ძალიან მძიმე ფაქტებიც, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის საქმეა და ქალთა მიმართ ძალადობა სრულიად ნორმალურია“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, ამ პირობებში ზოგად თანასწორობაზე საუბარი რთულია, მაგრამ საქართველოს ისტორიული წარსულიდან და ერის კულტურიდან გამომდინარე, იმედია, ასეთი დამოკიდებულება ძალიან მასშტაბური არ არის და მოსახლეობის უმრავლესობისთვის თანასწორობა უფრო მისაღებია, ვიდრე დისკრიმინაცია და ჩაგვრა.