ისლანდიის პრემიერ-მინისტრი ქალთა გაფიცვას შეუერთდა და დღეს მუშაობაზე უარი თქვა
ისლანდიის პრემიერ-მინისტრი ქალთა გაფიცვას შეუერთდა და დღეს მუშაობაზე უარი თქვა

ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კატრინ იაკობსდოტირი „ქალთა დასვენების დღესთან“ დაკავშირებით მასშტაბურ გაფიცვას შეუერთდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

გაფიცვის მონაწილეები ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარ ანაზღაურებას ითხოვდნენ და ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებდნენ. შედეგად, პრემიერმა დღეს მუშაობაზე უარი თქვა.

გაფიცვის გამო დღეს მუშაობა შეწყვიტეს ან შეფერხებით ფუნქციონირებდნენ ის დაწესებულებები, სადაც ქალები, როგორც სამუშაო ძალა, უმრავლესობას წარმოადგენენ. დახურული იყო საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და ზოოპარკები, კადრების დეფიციტი იყო ჯანდაცვის სფეროში.

„მე არ ვიმუშავებ ამ დღეს, ველოდები, რომ ასევე მოიქცევა მინისტრთა კაბინეტში მყოფი ყველა ქალი“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო 14 წელია, ისლანდია მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში საუკეთესო ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით და რეიტინგში 100-დან 91.2%-ს ფლობს.