შალვა პაპუაშვილი - პარლამენტმა არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგა ქალთა უფლებების გაძლიერებისთვის და გენდერული თანასწორობისთვის 
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტმა არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგა ქალთა უფლებების გაძლიერებისთვის და გენდერული თანასწორობისთვის 

დღეს აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც წელს ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების 75 წლის იუბილეს ემთხვევა, მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა ჩვენს ქვეყანაში თავი იგრძნოს თანასწორად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს სახალხო დამცველის ერთობლივ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ პარლამენტი და სახალხო დამცველი ერთობლივ ღონისძიებას მართავენ. მისი თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტის საშუალებით საკანონმდებლო ორგანო ეცნობა როგორია ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა სხვადასხვა ინსტიტუციაში, სხვადასხვა სექტორში და ახდენს შესაბამის რეაგირებას.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ლევანს მისი საქმიანობისთვის. სახალხო დამცველს აქვს წინასწარი შეტყობინების გარკვეული ფუნქცია, რომელმაც საწყის ფაზაშივე უნდა მოგვცეს სიგნალი, რომ სადღაც, შეიძლება, ან სამართლებრივი რეგულირება, ან პრაქტიკა არ არის სათანადო. ამ მხრივ მნიშვნელოვანია  დროული რეაგირება, რათა ადამიანის უფლებების დარღვევა, პოტენციური დარღვევა ან ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელმაც შეიძლება წაახალისოს ადამიანის უფლებების დარღვევა, არ გამწვავდეს, არ გაღრმავდეს და არ იქცეს პრობლემად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს, რომელიც, მისი თქმით, გამორჩეულია თავისი საქმიანობით.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინო წილოსანს. მისი ხელმძღვანელობის პირობებში გენდერულმა საბჭომ ბევრ წარმატებას მიაღწია. მათ შორის, გამორჩეულია 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულება, რომელიც  გენდერულ თანასწორობას შეეხებოდა. ერთი მხრივ, ამ რეკომენდაციის შესრულების პროცესში იყო ძალიან ფართო კონსენსუსი საპარლამენტო სუბიექტებს შორის და, მეორე მხრივ, ეს არის ის რეკომენდაცია, რომელიც სრულად შესრულებად ჩათვალა ევროპულმა კომისიამ. ამიტომ მინდა, მივულოცო ეს წარმატება გენდერულ საბჭოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისთვის, საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელს, ანა ჩუბინიძეს ღირსების ორდენი გადასცა.

„ქალბატონი ანა ჩუბინიძე, ათწლეულებია, ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვის საქმეს.  სახალხო დამცველის ოფისის შექმნის საწყისშივე  იყო ამ პროცესში და დღემდე  ერთგულად ემსახურება ამ საქმეს. ამიტომ, სახალხო დამცველის შუამდგომლობის  საფუძველზე, მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს იმისთვის, რომ, ერთობლივი თანხმობით, ქალბატონი ანა დაგვეჯილდოებინა ღირსების ორდენით იმ ერთგულებისთვის ადამიანის უფლებების საკითხის მიმართ, რომელსაც ის, წლებია, იჩენს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პუბლიკაციის – „ქალების გაძლიერების ათწლეული“ პრეზენტაცია. დოკუმენტი წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს ანგარიშს ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში გენდერული თანასწორობის მიმართულებით  ქვეყნის მიერ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების  შესრულების  მდგომარეობის შესახებ.

„დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა,  განსაკუთრებული ყურადღება მივაპყროთ, თუ რა გაკეთდა გენდერული მიმართულებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ჩვენ, პარლამენტმა არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადავდგით ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, ქალთა უფლებების გაძლიერებისთვის და გენდერული თანასწორობისთვის.  ეს პრეზენტაცია კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ როგორ წარმატებას  მიაღწია საქართველომ ამ მხრივ და ამავე დროს გვისახავს ახალ მიზნებს ამ მიმართულებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.