თამარ ჩუგოშვილი - ქალის მიმართ საზოგადოება ბევრად უფრო მომთხოვნია, კაცს ეპატიება ის, რაც ქალს არ ეპატიება
ქალის მიმართ საზოგადოება ბევრად უფრო მომთხოვნია და კაცს ეპატიება ის, რაც ქალს არ ეპატიება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ქალებს ძალიან მაღალ სტანდარტს სთხოვენ მაშინ, როცა ეს სტანდარტი კაცების მიმართ ასეთი მაღალი არ არის. იგივეა პოლიტიკაშიც, საჯარო სივრცეში. როცა ვინმეს რამე არ მოსწონს და გაკრიტიკებს, ქალების მიმართ ეს საშინელ ფორმებში გადადის, არის ძალიან შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და ბუნებრივია, როცა ასეთ რამეს ხედავ, ამ პროცესისგან შორს ყოფნის სურვილი გიჩნდება, რომ ამ მობულინგო ტიპის პროცესს თავი აარიდო“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, ზოგადად, ითვლება, რომ პოლიტიკა იმ ადამიანების საქმეა, ვინც ძალაუფლებისკენ, ან სხვა რაღაცებისკენ, მაგალითად, ფულისკენ ისწრაფვის.
„თუ შენ ძალაუფლებისკენ სწრაფვა არ გაქვს და გაქვს სურვილი, პოლიტიკურ პროცესში კეთილსინდისიერად იყო ჩართული და გააკეთო ის, რაც შენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის სასარგებლოა, მოტივაცია ისეთი ძლიერი არ არის, რომ იმ ყველაფერს გაუძლო, რა შეფერხებებიც გზაზე დაგხვდება. ეს შეფერხებები კი აუცილებლად დახვდება ყველა ადამიანს და განსაკუთრებით – ქალს, ვინც საჯარო სივრცეში თავისი მოსაზრების დაფიქსირებას მოინდომებს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისინი თითქმის ვერცერთ დონეზე ვერ მონაწილეობენ.
სამწუხაროდ, ამ კუთხით, საქართველოში კარგი სტატისტიკა და მდგომარეობა არ გვაქვს. ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობა დაახლოებით 10%–ია, პარლამენტის დონეზე კი 15%, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ქალისთვის თავის დამკვიდრება ყველა სფეროში მძიმეა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა განაცხადა, პოლიტიკურ პარტიებში თუ საარჩევნო კომისიებში სამუშაოს შესრულების დაბალი საფეხურები დიდწილად ქალზე გადადის.
„დაბალ საფეხურზე დომინანტი ქალები არიან. ანუ, ძალიან ბევრი ქალია ჩართული, მაგრამ მათ საკმაოდ დაბალი ანაზღაურება აქვთ და რაც უფრო ზემოთ მივდივართ, ქალების წარმომადგენლობა შესაბამისი პროპორციით მით უფრო იკლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული სტერეოტიპები და დამაბრკოლებელი გარემოებები“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.