თამარ ჩუგოშვილი - ქალი კანდიდატების დასახელების შემთხვევაში, პარტიებისთვის დაწესებულმა წამახალისებელმა ნორმებმა არ იმუშავა
კანონში არსებობს ჩანაწერი, რომ თუ პარტიას თავისი კანდიდატების 30% ქალი ეყოლება, ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსება ექნება, მაგრამ ამ წამახალისებელმა ნორმებმა წლების განმავლობაში არ იმუშავა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ანუ, სავალდებულო მექანიზმის გარდა, ყველა სხვა ფორმა ამოვწურეთ და იმედია, ვალდებულება კანონად იქცევა. იმ დაბრკოლებების დასაძლევად, რაც ქალებს წინ წაწევაში ხელს უშლის, ხელოვნური ბიძგების მიცემა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა ისტორიულ მაქსიმუმზე, 15%–ზეა, მაგრამ ეს მაინც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და განვითარებული ქვეყნების მინიმუმთან ახლოსაც არ არის.
საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ სიების დაკომპლექტებისას და კანდიდატების შერჩევისას შიდა კვოტების შემოღება განსაკუთრებით მმართველ პარტიებს უჭირთ, რადგან ამ დროს სხვა პრინციპები მძლავრობს. მაგალითად, შეირჩევა კანდიდატები, რომლებსაც გავლენიანი ლობისტები ჰყავთ, ან შეუძლიათ, თავიანთი საარჩევნო კამპანია დააფინანსონ და საარჩევნო პროცესს გარკვეული ფინანსური რესურსი შემატონ.