თამარ ჩუგოშვილი - პრობლემა არა უვადოდ არჩევის წესის არსებობა, არამედ ისაა, ვინ და როგორ ინიშნება მოსამართლედ
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის გაუქმების წინააღმდეგია.
პირველ არხთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობის გარანტიაა.
„იმის გამო, რომ პროცესში რაღაცებით უკმაყოფილო ვართ, ასე ერთი ხელის მოსმით საკონსტიტუციო ნორმის გაუქმება, შესაფერისი არ არის იმის, რაც წლებია ქვეყანას აქვს და ასეთ სისტემაზე გადასვლას ახლა იწყებს. მთავარი პრობლემაა, ვინ და როგორ ინიშნება მოსამართლედ და არა ის, რომ ქვეყანაში მოსამართლეთა უვადოდ არჩევის წესი არსებობს. ვფიქრობ, ეს შესანარჩუნებელია. არ ვიცი, ეკა ბესელიას პროექტში რა წერია, პროექტი არ მაქვს ნანახი“, – დასძინა ჩუგოშვილმა.
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერებისა და უკვე უვადოდ განწესებულ მოსამართლეთა სტატუსის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.