საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტში გამოსვლის თარიღზე ინიციატივას პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ელოდება
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშით გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით, ინიციატივას პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ელოდება.
როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით თარიღი შეთანხმებული არ არის.
“საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში ველოდებით. ჯერჯერობით, თარიღი შეთანხმებული არ არის და თარიღი მათზეა დამოკიდებული. ასე რომ, პრეზიდენტს ველოდებით და თარიღის შერჩევა მათთან ერთად მოხდება. თარიღთან დაკავშირებით ინიციატორი და გადაწყვეტილების მიმღები თავად არიან. იმედია, ეს მოსმენა დროულად მოხდება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
რეგლამენტის მიხედვით, როგორც წესი, პარლამენტი პრეზიდენტს საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეს უსმენს.
საგაზაფხულო სესია 6 თებერვალს ბიუროს სხდომით გაიხსნება, ხოლო 7 თებერვლიდან პლენარული სხდომები გაიმართება.