თამარ ჩუგოშვილი - მოსახლეობამ განსაჯოს, რამდენად ეკუთვნის ადგილი პარლამენტში ძალას, რომელიც ამბობს, რომ არ შეუძლია 12 ათასი ხმის მიღება
თამარ ჩუგოშვილი - მოსახლეობამ განსაჯოს, რამდენად ეკუთვნის ადგილი პარლამენტში ძალას, რომელიც ამბობს, რომ არ შეუძლია 12 ათასი ხმის მიღება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას პოლიტიკურ პარტიებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მისივე თქმით, ინიციატივის მიხედვით, ყველა პარტიას, რომელსაც მცირედი მხარდაჭერა მაინც აქვს, პარლამენტში ადგილის მოპოვების შესაძლებლობა მიეცემა.

„ყველა ძალიან კარგად დაინახავს, ვინ ასრულებს ამ პოლიტიკურ პროცესებში კონსტრუქციულ როლს და ვინ დესტრუქციულ როლს. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვდნენ საარჩევნო სისტემის შეცვლას და როგორც კი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე წავიდა რეალური საუბარი, ბოიკოტს უცხადებენ ამ პროცესს. დესტრუქციულობის გარდა ვერაფერს დაანახებენ ვერც საზოგადოებას და ვერც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი მეგობრები, პარტნიორები, ელჩები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ძალიან თვალნათლივ ნახავენ, ვინ რა როლს ასრულებს საქართველოში პოლიტიკური სისტემის ევოლუციაში. ჩვენი მხრიდან შეთავაზება ყველასთვის კარგად ცნობილია. ეს შეეხება სრულ საარჩევნო და ფუნდამენტურ რეფორმას, მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ნულოვანი ბარიერის პირობებში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც მცირედი მხარდაჭერა მაინც აქვს ხალხში, აქვს შესაძლებლობა, ადგილი მოიპოვოს საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამასთან, როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, დღევანდელი პოლიტიკური ველის გათვალისწინებით, ნულოვანი ბარიერი ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს იმას, რომ მიღებული ხმებისა და მანდატების რაოდენობა სრულ პროპორციაში იყოს ერთმანეთთან.

„ოპოზიცია სხვადასხვაგვარია და სხვადასხვა გზავნილები გვესმოდა ტელეეთერების მეშვეობით. დღევანდელი შეხვედრა გვჭირდება სწორედ იმისთვის, რომ შეხვედრაზე ვნახოთ, რომელ პოლიტიკურ ძალას რა დამოკიდებულება აქვს. მესმის სრულიად განსხვავებული გზავნილები. ზოგი ამბობს, რომ კარგია ნულოვანი ბარიერი, ზოგი ამბობს, რომ უნდა იყოს 1%, 3%, 5% და ასე შემდეგ. ყველა გამოდის თავისი პარტიული, პრაგმატული ინტერესიდან და ჩვენი ამოცანაა, დავაბალანსოთ ეს ინტერესები. სწორედ ამისთვის იმართება დღევანდელი შეხვედრა. ჩვენი აზრით, დღევანდელი პოლიტიკური ველის გათვალისწინებით, ნულოვანი ბარიერი ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს იმას, რომ მიღებული ხმებისა და მანდატების რაოდენობა სრულ პროპორციაში იყოს ერთმანეთთან. კიდევ მეორე თემა, რომელსაც ხშირად ახსენებენ, შეეხება ბლოკების თემას. ეს არის საკითხი, რომელიც ჩემთვის სრულიად გაუგებარია. პოლიტიკური ძალა, რომელიც ამბობს, რომ მას არ შეუძლია 11 ან 12 ათასი ხმა მიიღოს და მაინც ითხოვს ადგილს საქართველოს პარლამენტში, მოსახლეობამ განსაჯოს, რამდენად ეკუთვნის სინამდვილეში ასეთი ადგილი პარლამენტში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე შესულია.

კანონპროექტის გათვალისწინებით, საქართველოში პროპორციული სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამოქმედდება. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.

გარდა ამისა, პროექტის თანახმად, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას მიიღებს. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.

ამასთან, ცვლილებები არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ეს იმისთვის კეთდება, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.