თამარ ჩუგოშვილი - პარტია არ დაშლილა, მაგრამ ცხარე და მძიმე დისკუსიების ფორმატში ვართ
პარტია არ დაშლილა, მაგრამ ცხარე და მძიმე დისკუსიების ფორმატში ვართ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„მე თვითონ, ვარ იმ პოზიციაზე და იმ ადამიანებს შორის, ვინც ფიქრობს, რომ იუსტიციის საბჭოს ქცევა არასწორი იყო, ახლა ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რათა უზენაესი სასამართლო სწორად დავაკომპლექტოთ და საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა რომ აღდგეს, ამაში მნიშვნელოვანი როლი ჩვენ თვითონ გვაქვს შესასრულებელი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ამ განცხადებით თამარ ჩუგოშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, გამოიწვია თუ არა კრიზისი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხმა და დაშალა თუ არა ამან მმართველი პარტია.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მისი მხარდაჭერა არ ექნებათ იმ მოსამართლეებს, ვის მიმართაც სერიოზული კითხვები არსებობს და, ვინც სხვადასხვა ბნელ მოქმედებებთან ასოცირდებოდა.
„მათ ჩემი მხარდაჭერა არ ექნებათ და არა მხოლოდ ჩემი ერთი ხმა, არამედ უმრავლესობამ ძალიან ნათლად და მკაცრად დააფიქსირა, რომ იმ ფორმით და იმ სიის მიმართ, რომელიც პარლამენტში იყო წარმოდგენილი, მათ მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, იდეას, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას შეეხება, თავისი პლუსები და მინუსები აქვს.
„დამერწმუნეთ, სასამართლო სისტემაში არსებობენ ძალიან კარგი მოსამართლეები და ძალიან პროფესიონალი, ღირსეული ადამიანები. ამას ყველა აღიარებს. ბევრი მათგანი დღეს გამოსაცდელ ვადაზეა, ანუ, გამოსაცდელი პერიოდით არიან დანიშნული. გამოსაცდელ ვადაზე მათი ძალიან დიდი ხნით ჩატოვება მათ მიმართ უსამართლო ქმედება მგონია, მაგრამ ამავე დროს, არის სრულიად ლეგიტიმური ინტერესი, რაც ეკა ბესელიას თავის პროექტში აქვს დაფიქსირებული. კერძოდ, ის, რომ სასამართლო კორპუსი არ გადაივსოს და არ დაკომპლექტდეს უვადოდ დანიშნული მოსამართლეებით სასწრაფოდ, ნაჩქარევად და ისე, რომ მომავალი ათწლეულების განმავლობაში, უფრო მეტი ნდობის მქონე ადამიანები ამ სისტემაში არ აღმოჩდნენ. ამიტომ, ამ ინიციატივას თავისი პლუსებიც აქვს და თავისი კითხვის ნიშნებიც”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე მსჯელობა მმართველ გუნდში, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ უმრავლესობას ამაზე პოლიტიკური შეთანხმება არ აქვს, მაგრამ ალბათ, იმსჯელებენ, თუ უმრავლესობაში არა, საკომიტეტო დონეზე და პლენარულ სხდომათა დარბაზშიც.
თამარ ჩუგოშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს მეტი პასუხისმგებლობა აკისრია და მისთვის გასაგებია, რომ ის ისე ვერ ისაუბრებს, როგორც თავად, ან მისი რომელიმე კოლეგა.