თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტს შემოქმედებითი ნაწარმოების შეზღუდვის მიზანი არ აქვს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს შემოქმედებითი ნაწარმოების შეზღუდვის მიზანი არ აქვს და თუკი ცვლილებების თაობაზე, რაიმე შენიშვნა და მოსაზრებები არსებობს, უმრავლესობა მზადაა, განიხილოს და გაიზიაროს.
ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში შემუშავდა, რადგან კონსტიტუცია ძალაში ნოემბერში შევა და ცვლილებების შეტანა ასეულობით კანონში განხორციელდება.
„ჩვენი თვალსაზრისით, ეს ტექნიკური ცვლილება იყო, თუმცა სხვანაირი შეფასება ჰპოვა საზოგადოების ნაწილში, მათ შორის სამოქალაქო მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა. არანაირი განზრახვა და სურვილი რაიმე შეზღუდვის დაწესების არ არსებობდა, ეს იყო ტექნიკური ჰარმონიზაციის პროცესი კონსტიტუციასთან. თუკი რაიმე შენიშვნები და მოსაზრებები არსებობს, მზად ვართ, განვიხილოთ გავიზიაროთ და არანაირი საფუძველი არ დავტოვოთ იმის თქმის, რომ კულტურულ სფეროში გამოხატვასთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვები შემოდის. არანაირი პრობლემა კონსტიტუციაში არ არის. პარლამენტს შეზღუდვის მიზანი არ აქვს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც კულტურის შესახებ საქართველოს კანონსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებები შედის, სახალხო დამცველი კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ და შემოქმედების თავისუფლების შემზღუდველად აფასებს.