თამარ ჩუგოშვილი - ოთხმილიონიან ქვეყანას ოცი სამინისტრო ნამდვილად არ სჭირდება
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ოთხმილიონიან ქვეყანას ოცი სამინისტრო ნამდვილად არ სჭირდება.
„ზოგადად, მცირე მთავრობა, მიმართულება, რომლისკენაც მივდივართ, სწორია. ცოტა ხნის წინ გაუქმდა დიასპორის სამინისტრო და შემცირებები ახლაც მიმდინარეობს. ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი, მთლიანობაში, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია. ეს სწორი მიმართულებაა და დინამიკა უნდა გაგრძელდეს, მათ შორის, სსიპ–ებსა და სხვა ერთეულებს შორის, სადაც გარკვეული პრობლემა არის. სსიპ–ებიდან ბევრი საკმაოდ ეფექტური და საჭიროა, მაგრამ სამწუხაროდ, მათ შორის, 2012 წლამდე სსიპ–ებმა და ზოგ შემთხვევაში ააიპ–ებმა ისეთი ფორმა მიიღო, როცა მათი შექმნა მასობრივი ხდებოდა და ყოველი მათგანის საჭიროება ცოტა კონტროლიდან იყო გასული“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, ცალსახად სწორი იყო იმ სამინისტროების გაუქმება, რომლებიც 2012 წლამდე ზოგიერთ შემთხვევაში პერსონალიებისთვის, ან გაუგებარი მიზნებისთვის შეიქმნა.
„რა თქმა უნდა სწორი იყო მაგალითად, დასაქმების სამინისტროს გაუქმება, რომელიც პოპულისტური უწყება გახლდათ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.