თამარ ჩუგოშვილი - ორივე რეზოლუცია, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის საქმეზეა შემოთავაზებული, საერთო სულისკვეთების არის
თამარ ჩუგოშვილი - ორივე რეზოლუცია, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის საქმეზეა შემოთავაზებული, საერთო სულისკვეთების არის

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ერთობლივი რეზოლუცია პარლამენტში კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, ორივე რეზოლუცია, რომელიც შეთავაზებულია, საერთო სულისკვეთებისაა.

„ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და საკომიტეტო მოსმენებზე გამოჩნდება, შევძლებთ თუ არა შეთანხმებას.

ზოგადად, ეს ის საკითხია, სადაც აზრთა სხვადასხვაობა არ უნდა იყოს, ქვეყანამ უნდა შეძლოს და ერთიანი პოზიცია დააფიქსიროს, როცა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება საკითხი.

მე ვფიქრობ, რომ ორივე რეზოლუცია, რომელიც არის შემოთავაზებული, საერთო სულისკვეთების არის. კერძოდ, გმობს ოკუპაციას და ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის იმ ფაქტებს, რომლებიც ამ ტერიტორიებზე განხორციელდა. შესაბამისად, ჩემთვის პრინციპულად სხვაობა ამ ორ დოკუმენტს შორის არ არის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ერთობლივი რეზოლუციის მიღებას გეგმავს.