თამარ ჩუგოშვილი - ოპოზიცია საპარლამენტო კონტროლის შინაარსს არასწორად აღიქვამს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიცია საპარლამენტო კონტროლის შინაარსს არასწორად აღიქვამს.
საკანონმდებლო ორგანოში „ომეგა ჯგუფის“ თემაზე შს მინისტრისა და პროკურორის დაბარების შესახებ საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნის პასუხად თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ გამოძიება საგამოძიებო უწყებებმა უნდა აწარმოონ და არა დეპუტატებმა.
როგორც თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, საპარლამენტო კონტროლი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე არ შეიძლება განხორციელდეს, თუ ეს არ ხდება საგამოძიებო კომისიის ფარგლებში.
„სხვა ფორმატების გამოყენება ამისთვის უბრალოდ არ არის სწორი, რადგან ჩვენ ვიჭრებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების კომპეტენციაში. ეს არის კონსტიტუციური პრინციპი ხელისუფლების გამიჯვნის. თუ ჩვენ გვინდა საქმის გამოძიება, ეს გამოძიება საპარლამენტო უმცირესობამ კი არ უნდა აწარმოოს, ის ფიგურანტები, რომლებიც საუბრობენ დანაშაულის ჩადენაზე, მათ კეთილი უნდა ინებონ, მიბრძანდნენ პროკურატურაში და მისცენ ჩვენებები”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
რაც შეეხება „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელის ზაზა ოქუაშვილის პოზიციას, გამოძიებისთვის ჩვენების მიცემის თაობაზე უარის შესახებ, თამარ ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ ეს კიდევ უფრო მეტ ეჭვს აჩენს ბრალდებების შინაარსთან დაკავშირებით.
„ადამიანმა დააბრალა მთელ სახელმწიფოს რაღაცა სასწაული დანაშაულების ჩადენა და უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე. ზუსტად ასეთი ქცევები აჩენს ეჭვს, რომ ამ ყველაფერში მთლად ისე არ არის საქმე, როგორც ის საუბრობს”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.