თამარ ჩუგოშვილი - მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტში ჩაწერილია ყველაფერი, რაც შეიძლება, ეწეროს
მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტში ჩაწერილია ყველაფერი, რაც შეიძლება, ეწეროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
„ვფიქრობ, სასამართლოს რეფორმის თემაზე იმდენად არის დისკუსია გამწვავებული, რომ შეთანხმება შეუძლებელი მგონია, რაც უნდა ჩაიწეროს კანონში. პირველ რიგში, ვფიქრობ, რა წერია, ეს უკვე მეორეხარისხოვანია სხვადასხვა აქტორებისთვის, რადგან ამ კანონპროექტში არის ჩაწერილი ყველაფერი, რაც შეიძლება, ეწეროს. პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენჯერმე თქვა და გავიმეორებ, რომ ვერც ერთხელ ვერც ერთ ქვეყანას ვერ მოძებნით, სადაც ამდენი პროცედურა არის მოსამართლეების შერჩევისთვის, მაგრამ პარლამენტმა ორი მოსმენით ამ კანონპროექტს ნდობა გამოუცხადა. ახლა იქნება რედაქციული ხასიათის შესწორებები და ვფიქრობ, მიღებული იქნება ეს კანონპროექტი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, კანონპროექტში მაქსიმალურად არის ასახული ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, ასახულიყო.
„ნაწილი, რასაც ვეთანხმებოდით და ისეთიც კი, რასაც არ ვეთანხმებოდით არის გათვალისწინებული კანონპროექტში. ვფიქრობ, სკეპტიციზმი სხვადასხვა აქტორის მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან თუ სხვები, გამოწვეულია არა იმდენად ამ კანონის შინაარსით, არამედ ზოგადად სასამართლო სისტემის გარშემო მიმდინარე პროცესების სიმწვავით, ამიტომ ამ კანონპროექტში პრობლემას არ ვხედავ. ვფიქრობ, მთავარი პროცესი წინ გველის და ეს მთავარი პროცესი იქნება კონკრეტული სახელები და გვარები, რომლებიც ჩვენ უნდა დავამტკიცოთ უზენაეს სასამართლოში და გავამწესოთ უვადო მოსამართლეებად. შესაბამისად, იმ პროცესში გამოჩნდება, რა გზით ივლის საქართველოს პარლამენტი და რამდენად სწორ ადამიანებს განაწესებს ამ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.