თამარ ჩუგოშვილი - მნიშვნელოვანია, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე მედიის თემებზე მომუშავე ორგანიზაციებმა პარლამენტის თავმჯდომარეს მოსაზრებები გაუზიარონ
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მედიის თემებსა და გამოხატვის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, პარლამენტის თავმჯდომარეს მოსაზრებები თავად გაუზიარონ.
ამის შესახებ ჩუგოშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის თემაზე ხვალ დაგეგმილი შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ კრიტიკულად არიან განწყობილი იმ ცვლილებების მიმართ, რომლებიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის. ეს შეხვედრა არის კიდევ ერთი მაგალითი და კარგი საშუალება, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. საინტერესოა, როგორ წარიმართება შეხვედრა. ამ შეხვედრის შემდეგ კი, უმრავლესობა ჩამოყალიბდება ვეტოსთან დაკავშირებულ პოზიციაზე“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.