თამარ ჩუგოშვილი - მხარდამჭერი აქტი საქართველოს ხელისუფლების ლობირებისა და ძლიერი ადვოკატირების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაა
თამარ ჩუგოშვილი - მხარდამჭერი აქტი საქართველოს ხელისუფლების ლობირებისა და ძლიერი ადვოკატირების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაა

ეს არის საქართველოს ხელისუფლების ლობირებისა და ძლიერი ადვოკატირების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, ორ წელზე მეტია, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის დამტკიცებასთან დაკავშირებით.

„ვაშინგტონში რამდენჯერმე ვიყავით, რომ რეზოლუციის მიღების ადვოკატირება გაგვეკეთებინა. კონგრესის ქვედა პალატამ გადაწყვეტილება მიიღო და დოკუმენტს მხარი დაუჭირა. მას შემდეგ, რაც იგივე პროცედურას სენატშიც გავივლით და მხარს დაუჭერს, ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული პირველი სრულფასოვანი კანონი ჩვენი მხარდაჭერის მიზნით და იმის ხაზგასმით, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც დასავლური მისწრაფებები აქვს, ისწრაფვის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის და ქვეყანას ამისთვის სჭირდება ამერიკის როგორც პოლიტიკური, ასევე თავდაცვის თუ სხვადასხვა სფეროში მხარდაჭერა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, სხვა აქცენტებთან ერთად, დოკუმენტი ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელ ხელისუფლებას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს, ასევე მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ან მხილებული ადამიანების მიმართ სანქციების გამოყენებისკენ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქტია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა გვესმის, უამრავი აბსურდული სპეკულაცია სხვადასხვა პირების მხრიდან მომავალი, ჭორაობის დონეზე წარმოქმნილი, რომ ქვეყანა საგარეო კურსს იცვლის, პრობლემებშია, შავ ზღვაში ვისი ადგილია და ვისი არა. ასეთი დაუსაბუთებელი სპეკულაციებია და ამ ფონზე ამერიკის გადაწყვეტილება ძალიან დიდი დატვირთვისა და მნიშვნელობის არის. ვინც ამ სპეკულაციებით არის დაკავებული, ძალიან ძლიერ მესიჯს გზავნის და თუ ასეთი გზავნილების კითხვა შეუძლიათ, მგონი, შეუძლიათ, რომ ამოიკითხონ“, –  განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, რუსეთისთვის აღნიშნული აქტი გაგრძელებაა იმისა, რაც მათთვის ისედაც ცხადია.

„რუსეთისთვის ეს ალბათ გაგრძელებაა იმის, რაც მათთვის ისედაც ცხადი, ნათელი და მკაფიოა – ის, რომ საქართველოს აქვს მხარდაჭერა ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორის და სხვა საერთაშორისო, ძლიერი აქტორების მხრიდან, დასავლური ორგანიზაციებისა და გაერთიანებების მხრიდან. როდესაც ეს ხდება იმ ფონზე, როცა თავად ამერიკის დედაქალაქში ძალიან მწვავე პოლიტიკური პროცესები მიდის, ამ გადაწყვეტილების ასეთ მომენტში მიღება დამატებით მნიშვნელოვან პოლიტიკურ მესიჯს გზავნის. ვისაც სურს გაგება, გაიგებს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უმჯობესი იქნება, თუ საქართველოში ოპოზიციას ქვეყნის ამბები ზოგჯერ გაუხარდება.

ლარგი იქნება, ოპოზიცია ცარიელ ადგილზე პრობლემების ძებნას რომ მოეშვას. პირიქით, ზოგჯერ კარგი იქნება, ქვეყნის ამბები გაუხარდეთ, ხანდახან მაინც რომ სცადონ“, – განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.