თამარ ჩუგოშვილი მერაბიშვილის საქმეზე - პოლიტიკური ნიშნით არც არავინ უნდა გაათავისუფლონ და არც დაიჭირონ
პოლიტიკური ნიშნით, არც არავის გათავისუფლება უნდა მოხდეს და არც – დაჭერა. ეს უნდა მოხდეს სამართლებრივად.
ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ვანო მერაბიშვილის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.
თამარ ჩუგოშვილი ლატვიელი ევროპარლამენტარის განცხადებას გამოეხმაურა, რომლებიც ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამოვიდა.
,,რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, დადგენილი არის გადაწყვეტილებაში გარკვეული მუხლების დარღვევა, თუმცა გადაწყვეტილებაში არავითარი მითითება არ არის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თემაზე მინისტრთა კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას, შესაბამისად მინისტრთა კომიტეტი დაადგენს კონკრეტულ ზომებს, თუ რა უნდა განახორციელოს საქართველომ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება შესრულებულად ჩაითვალოს. ამიტომ მინისტრთა კომიტეტი რასაც დაადგენს, იმას შეასრულებს საქართველო. თვითონ გადაწყვეტილებაში გათავისუფლების თაობაზე მითითება და მოთხოვნა საქართველოს მხარის მიმართ არ არის”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.