ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტის წევრი სანდრა კალნიეტე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

კალნიეტემ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მერაბიშვილს ბრალდებები მოეხსნას და ციხიდან გათავისუფლდეს.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. სასამართლომ უკვე ორჯერ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერის წინასწარი პატიმრობის უკან, ლეგიტიმურ მიზნებთან ერთად, პოლიტიკური მიზნებიც იყო. რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც ევროპისკენ მიდის, ევროპული მისწრაფება აქვს დაფიქსირებული და ევროპული პერსპექტივის მიღება სურს? ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ მას ესმის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების არსი და იმ ღირებულებებს სცემს პატივს, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ. მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს მოეხსნას ყველა ბრალდება. უნდა მოხდეს ვანო მერაბიშვილის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება“, – განაცხადა სანდრა კალნიეტემ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროპარლამენტის სხვა წევრებიც გამოეხმაურნენ. განცხადებები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა, სადაც საქართველოსთვის 2018 წელს 45 მილიონიანი მიკროსაფინანსო დახმარების გამოყოფის შესახებ საუბრობდნენ.

დატოვე კომენტარი