თამარ ჩუგოშვილი - მართლმადიდებლობის ასამბლეის ჩატარების ორგანიზატორებს თუ აქვთ მცდელობა, რომ პასუხისმგებლობა ვინმეს გადააბრალონ, არ გამოუვათ
თუ საქართველოში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის ჩატარების ორგანიზატორებს მცდელობა აქვთ, რომ პასუხისმგებლობა ვინმე სხვას გადააბრალონ, ეს არ გამოუვათ, რადგან არ არის სამართლიანი და სწორი მცდელობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, რომელიც ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
ჩუგოშვილის თქმით, საქართველოში საპარლამენტო ასამბლეის ჩატარების საკითხი თვეებით ადრე იყო ცნობილი არა მხოლოდ მისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის, რადგან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ამაზე ქუცნაშვილმა მოხსენება გააკეთა.
„ამ ასამბლეასთან დაკავშირებით პრობლემა მაშინ გაჩნდა, როცა რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ვიხილეთ და ეს მოვლენები განვითარდა. ეს იყო სწორედ შეცდომა და პრობლემა. თუ ამ ასამბლეის ორგანიზატორებს მცდელობა აქვთ, რომ პასუხისმგებლობა ვინმე სხვას გადააბრალონ, მაშინ ეს არ გამოუვათ, არ არის სამართლიანი და სწორი მცდელობა. დელეგაციის ხელმძღვანელის და ზაქარია ქუცნაშვილის პასუხისმგებლობა იყო საორგანიზაციო საკითხები, ეს ასამბლეა როგორც დაორგანიზდა და როგორც წარიმართა, პრობლემა ამაშია და პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ. ორგანიზების დეტალები არ ვიცოდი, თუმცა ასამბლეა საქართველოში რომ ტარდებოდა, ყველამ იცოდა. ადგილისა და გავრილოვის მიმართ ჩემი დამოკიდებულება პირველმა დავაფიქსირე, პირველი ვიყავი, ვინც ამ ყველაფერს გამოეხმაურა ოპოზიციაზე ადრე. ჩემი დამოკიდებულება სრულიად გულწრფელი იყო და იგივე აზრზე ვრჩები, რა აზრზეც ვიყავი.
ჩვენ ვართ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში, სადაც დასავლურ ქვეყნებთან ერთად არის რუსეთი, ასეთი არის მაგალითად ევროსაბჭოც. ევროსაბჭოშიც მთელ ევროპულ ქვეყნებთან ერთად წევრად არის რუსეთი, ეს მოცემულობა გვაქვს და ეს უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ჩვენ გვიწევს ისეთ ფორმატებში ურთიერთობა, სადაც რუსეთის არის წარმოდგენილი, ამიტომ, ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, აქვს მნიშვნელობა ისეთ დეტალებს, რა, როგორ და სად ჩატარდება. ეს იყო ის დეტალები, რომელიც უნდა გათვალისწინებულიყო ორგანიზატორების მხრიდან, არ მოხდა ამ ყველაფრის გათვალისწინება და შედეგი ყველამ ვიხილეთ”, – დასძინა ჩუგოშვილმა.