თამარ ჩუგოშვილი - ოპოზიციას შეუძლია, კითხვები პრემიერ-მინისტრთან მაისის ბოლოს დასვას
მაისის ბოლო პარასკევი პარლამენტში ინტერპელაციის დღეა, შესაბამისად, ოპოზიციას სრული შესაძლებლობა და უფლება აქვს, დაიბაროს ნებისმიერი პირი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა ოპოზიციის მოთხოვნის შესახებ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას საკითხზე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით.
ამასთან, თამარ ჩუგოშვილმა ქობულიასა და დეპუტატთა ნაწილის გუშინდელი შეხვედრის კომენტირებისგან თავი შეიკავა.
„ქობულიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებზე გამოხმაურებისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მოსვლას, ახლა არის მაისი. მაისის ბოლო პარასკევი კი, ინტერპელაციის დღეა და შესაბამისად, ჩვენი წესებითა და პროცედურებით, სრული შესაძლებლობა და უფლება აქვს ოპოზიციას, დაიბაროს ნებისმიერი პირი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ნებისმიერ საკითხზე. ამ დისკუსიის შედგენას წინ არაფერი უდგას, თუ ეს მათი სურვილია. თუ ასეთი ინტერესი აქვთ, შეუძლიათ, შესაბამისი პროცედურები გამოიყენონ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, მმართველი გუნდის შიგნითაც იმსჯელეს და ქობულიას საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია.
„მმართველ გუნდს, პოლიტიკური ჯგუფის შიგნით, არაერთხელ გვქონია მსჯელობა და საუბარი. ჩვენ საჯაროდ არაფერი გვაქვს გასარჩევი. საუბარი და დისკუსია გვქონდა, ამიტომ ჩვენთვის გასაგებია საკითხები. მესმის, ოპოზიციას მეტი კითხვები შეიძლება ჰქონდეს, რადგან მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ჩვენ შიდა დისკუსიებში მიიღონ მონაწილეობა და ის ინფორმაცია მიიღონ, რაც გვაქვს“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-სპიკერმა.
შესაბამისად, მისი თქმით, ოპოზიციას შეუძლია, მაისის ბოლოს დასვას პრემიერთან კითხვები.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია, რომელიც აღნიშნული თანამდებობიდან აპრილში წავიდა, გუშინ პარლამენტში დეპუტატთა ნაწილს შეხვდა. როგორც ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, ის თანამდებობიდან გადააყენეს.