გიორგი ქობულია - მე ვიყავი გადაყენებული, ჩემი გადაყენების პრეროგატივა აქვს პრემიერ-მინისტრს
გიორგი ქობულია - მე ვიყავი გადაყენებული, ჩემი გადაყენების პრეროგატივა აქვს პრემიერ-მინისტრს

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ დღეს პარლამენტის დეპუტატთა ნაწილთან შეხვედრაზე იქნება საქმიანი საუბარი ეკონომიკის განვითარებაზე.

როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, მას პარლამენტი ექვსმა დეპუტატმა მიმართა წერილით, რომ წარედგინა ანგარიში, რომელიც სამინისტრომ მისი მინისტრობის დროს გასწია.

„შეხვედრის ფორმატი არის შემდეგი – მე მომმართა ოფიციალური წერილით ექვსმა დეპუტატმა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და დამოუკიდებელი დეპუტატები. მათ მომმართეს წარმედგინა ანგარიში, რომელიც სამინისტრომ გასწია ჩემი მინისტრობის დროს. ჩავთვალე თავი ვალდებულად, რომ ასეთი ანგარიში წარმედგინა და ასეთი შეხვედრის ფორმატი შედგა, რომელსაც ჩვენ ვესწრებით. ჩვენი შეხვედრის ძირითადი მიზანია ღრმა ტექნიკური განხილვა, რაშიც გამოხატეს ინტერესი დეპუტატებმა, რომ მათ გაიგონ ჩემი ხედვა. გარდა იმისა, რომ გაიგონ, რა იყო გაკეთებული ამ რვა თვის განმავლობაში, გაიგონ აგრეთვე ჩემი ხედვა ეკონომიკის განვითარებაზე. აქ იქნება ღრმა საქმიანი საუბარი და ჩვენ მაქსიმალურად მოვარიდებთ თავს პოპულისტურ განცხადებებს და ვისაუბრებთ საქმეზე“, – განაცხადა ქობულიამ.

ამასთან, კითხვაზე, რატომ არ აპირებენ შეხვედრაზე დასწრებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, გიორგი ქობულიამ აღნიშნა: „შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს ინტერესი, შეიძლება ვიღაცას არ ჰქონდეს, მე არ ვიცი“.

ყოფილმა მინისტრმა თანამდებობიდან მის გადაყენებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამდებობა თავისი ნებით არ დაუტოვებია.

„მე ვიყავი გადაყენებული, ჩემი გადაყენების პრეროგარტივა აქვს პრემიერ-მინისტრს და მან დაწერა განცხადება. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, რომ ეს გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერთან კონსულტაციის შემდეგ იყო მიღებული“, – განაცხადა ქობულიამ.