ილია დარჩიაშვილი - შეგვიძლია, 14+1 ფორმატი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების დამატებით მექანიზმად განვიხილოთ, განსაკუთრებით სტატუსის მიღებაზე გაკეთებული განაცხადის ფონზე
ილია დარჩიაშვილი - შეგვიძლია, 14+1 ფორმატი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების დამატებით მექანიზმად განვიხილოთ, განსაკუთრებით სტატუსის მიღებაზე გაკეთებული განაცხადის ფონზე

14+1 ფორმატი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ერთგვარ დამატებით მექანიზმად შეგვიძლია, განვიხილოთ, განსაკუთრებით, ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებული განაცხადის ფონზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე თქმით, 14+1 ფორმატში დამკვირვებლის სტატუსის მოპოვება ქართულ მხარეს შესაძლებლობას მისცემს ფორმატში მიმდინარე პროცესების, ერთობლივი პროექტების და გეგმების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში, რაც, თავის მხრივ, უაღრესად სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის.

„2017 წლის თებერვალში, საქართველომ ოფიციალური თხოვნით მიმართა სამდივნოს ამ ფორმატში დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის მიღების თაობაზე, რასაც წინ უძღოდა მონაწილე ევროპული ქვეყნების და ჩინეთის წარმომადგენლებთან სხვადასხვა დონეზე ჩატარებული ინტენსიური კონსულტაციები. სამწუხაროდ, იმ დროისთვის, ჩვენი თხოვნა ვერ დაკმაყოფილდა. ბოლო პერიოდში, ურთიერთობების ინტენსიფიკაციის ფონზე, ჩინურმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა, მხარი დაეჭირა საქართველოს ამ სურვილისთვის, რაც ჩინეთის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან კვლავ დადასტურდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრების დროს.

ამ გადაწყვეტილებით, ჩინეთის მთავრობა საქართველოს აღიარებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნად, რაც ზრდის საქართველოს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელი ჰაბის დატვირთვას და ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის მაქსიმალურად ეფექტურად შესრულების შესაძლებლობებს. ამასთან, ჩინეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში მონაწილეობა, თავის მხრივ, ხაზს უსვამს და ამყარებს საქართველოს ევროპულ ოჯახთან კუთვნილებას. საქართველოსთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის ერთ ფორმატში ყოფნა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამით საქართველო კიდევ ერთხელ მოახდენს საკუთარი თავისა და ადგილის იდენტიფიცირებას ევროპის სივრცესთან – დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური და გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ევროპის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

14+1 ფორმატი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ერთგვარ დამატებით მექანიზმად შეგვიძლია განვიხილოთ, განსაკუთრებით, ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებული განაცხადის ფონზე. 14+1 ფორმატში დამკვირვებლის სტატუსის მოპოვება ქართულ მხარეს შესაძლებლობას მისცემს ფორმატში მიმდინარე პროცესების, ერთობლივი პროექტების და გეგმების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში, რაც, თავის მხრივ, უაღრესად სასარგებლო იქნება ჩვენთვის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.