პარლამენტში გიორგი ვაშაძე და უმრავლესობის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ინტერპელაციის ფორმატში მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ოპოზიციონერი დეპუტატის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის სიტყვით გამოსვლას. ვაშაძემ სხდომათა დარბაზში იკითხა, „რას ერჩის ხელისუფლება ემიგრანტებს, რატომ არ ხსნის საარჩევნო უბნებს?“

მისი გამოსვლის შინაარსი სხდომათა დარბაზში გააპროტესტეს მამუკა მდინარაძემ და ირაკლი ბერაიამ.

„შენ ხარ მოღალატე, ნაძირალა. ღალატში ფულს გიხდიან? რატომ არ მოაწერე ხელი „ევრონესტში“ რეზოლუციას, ეს მოყევი“, – მიმართა  ირაკლი ბერაიამ ვაშაძეს.

გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ უმრავლესობის მხრიდან ხდება პროვოკაცია.

ამ წუთებში სხდომა ხმაურისა და შეძახილების ფონზე გრძელდება.