თამარ ჩუგოშვილი - კონკრეტული საქმის გამოძიებასა და დეტალებზე მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარება საუკეთესო პრაქტიკა არ არის
სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე პოლიტიკოსი და დეპუტატი გამოძიების წამყვან პირებს ვერ დაელაპარაკება, რადგან ეს კანონის მოთხოვნაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ჩანაწერებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ პარლამენტში საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების დაბარების საკითხზე.
პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, კონკრეტული საქმის გამოძიებასა და დეტალებზე მთავარი პროკურორის დაბარება საუკეთესო პრაქტიკა არ არის.
„ვფიქრობ, მთავრობის წევრები საკანონმდებლო ორგანოში სულ უფრო დიდი დოზით უნდა იყვნენ წარმოდგენილი, თუმცა კონკრეტული საქმის გამოძიებასა და დეტალებზე მთავრობის წევრების, განსაკუთრებით მთავარი პროკურორის დაბარება საუკეთესო პრაქტიკა არ არის, რადგან პარლამენტს, როგორც პოლიტიკურ ორგანოს კონკრეტული საქმის დეტალებში შესვლის უფლება არ აქვს. ამასთან, პრობლემას ვერ ვხედავ, პარლამენტმა ისაუბროს, როგორ მიმდინარეობს პროცესები პროკურატურასა და შსს-ში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.