თამარ ჩუგოშვილი - ხელისუფლების ვალია, პარტნიორების განცხადებებს სერიოზულად მოეკიდოს, მხოლოდ იმაზე კი არ ვილაპარაკოთ, რომ ვიღაც გვაქებს, დავფიქრდეთ, რა უნდა გავაკეთოთ, რათა კითხვები გავაქროთ
თამარ ჩუგოშვილი - ხელისუფლების ვალია, პარტნიორების განცხადებებს სერიოზულად მოეკიდოს, მხოლოდ იმაზე კი არ ვილაპარაკოთ, რომ ვიღაც გვაქებს, დავფიქრდეთ, რა უნდა გავაკეთოთ, რათა კითხვები გავაქროთ

საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ტექსტი საკმაოდ ნათელი და გასაგებია.

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გაუკვირდა კიდეც ის გაუგებრობები და სხვადასხვა ინტერპრეტაცია, რომელიც აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა.

„საერთო ჯამში გზავნილები, რომლებსაც ვიღებთ, არის იგივე შინაარსის შემცველი. სხვაობა არის იმაში, რომ პოლიტიკოსების გამოხატვის ფორმა არის ხოლმე უფრო მკაფიო და თამამი, ვიდრე დიპლომატების და ეს არის განსხვავება იმ განცხადებებს შორის, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ კონგრესმენებისგან და სენატორისგან. ამჯერად უკვე შედარებით უფრო დაბალანსებული განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტიდან“ ,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სამი კომპონენტისგან შედგება.

„ერთი არის ქვეყნის მიმართ, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მხარდაჭერის დადასტურება. არის პოზიტიურად მოხსენიებული ორი ელემენტი. ეს ორივე საქმე, რომელიც ამ განცხდებაშია მოხსენიებული, ბოლომდეა მისაყვანი. ერთი შეეხება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას, მეორე ნაწილია მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. აქაც დროის გაჭიანურებას ვხედავთ. ისიც, რაც პოზიტიურადაა ნახსენები, დასამთავრებელი საქმეა. მოწოდებები, რომლებიც შეეხება მართლმსაჯულებას, ის, რომ სასმართლო სისტემა და პროკურატურა პოლიტიზირებული არ უნდა იყოს. რაც საგულისხმო, ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია, ამ განცხადებაში წერია ასეთი რამ, რომ საქართველომ უნდა დაადასტუროს ერთგულება დემოკრატიული განვითარების მიმართ, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია. ეს ნიშნავს იმას, რომ  ამ მხრივ არის პრობლემები, სერიოზული კითხვები და საქართველოს ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. განცხადებები კი არ აქვს გასაკეთებელი, ნაბიჯები აქვს გადასადგმელი, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაარწმუნებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართ ერთგულებაში, რადგან ამ კუთხით კითხვები გაჩნდა“ ,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, როცა ტერმინ „პოლიტიკურ მიუკერძოებლობას“ ახსენებენ, ამის ნიშნებს ხომ არ ხედავენ, ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ რა თქმა უნდა, ეს ასეა.

„ამის ხაზგასმა და განცხადებაში ჩადება საჭირო არ იქნებოდა, რომ არ არსებობდეს მოსაზრება, რომ რაღაც ისე ვერ არის. ისინი გადაჭრით არ ამბობენ და სახელს არ არქმევენ, დიპლომატები არიან და ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ძალიან დიდი რესურსი აქვთ ჩადებული იმაში, რომ ჩვენთან რეფორმები სწორად წასულიყო, ჩვენი მოსამართლეები და პროკურორები კომპეტენტურები ყოფილიყვნენ და მათ კანონის შესაბამისად კიმპეტენტურად ეკეთებინათ თავიანთი საქმე. ამ მიმართულებით კითხვის ნიშნები აქვთ და შესაბამისად, ეს მოწოდების სახით არის ჩამოყალიბებული. ჩვენი, პირველ რიგში, ხელისუფლების ვალია, რომ სერიოზულად მოეკიდოს ამ განცხადებებს. მხოლოდ იმაზე კი არ ვილაპარაკოთ, რომ ვიღაც გვაქებს, არამედ იმაზე დავფიქრდეთ, სად არის კითხვის ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ, როგორც ქვეყანამ, რათა კითხვის ნიშნები გავაქროთ. იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის რეპუტაცია ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და ძვირფასი რამ არის. ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ რეპუტაცია გავიფუჭოთ, როგორც პატარა ქვეყანამ ძალიან ბევრი გამოწვევებით“ ,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.