თამარ ჩუგოშვილი - კარგი იქნება, თუ იუსტიციის საბჭო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნებს პარლამენტის მიერ კანონპროექტების მიღებამდე შეაჩერებს
თამარ ჩუგოშვილი - კარგი იქნება, თუ იუსტიციის საბჭო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნებს პარლამენტის მიერ კანონპროექტების მიღებამდე შეაჩერებს

კარგი იქნება, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნებს შეაჩერებს მანამდე, სანამ პარლამენტის მხრიდან კანონპროექტები არ იქნება მიღებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეთა უვადოდ განწესების თაობაზე გადაწყვეტილება თავად საბჭომ უნდა მიიღოს. “ორი პარალელური პროცესია ძალიან მნიშვნელოვანი. ერთია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა და იცით, რომ პროცესი მიმდინარეობს, პარლამენტი კანონპროექტს წერს. მეორეა, სხვა მოსამართლეების დანიშვნა. როგორც პრობაციაზე დანიშვნა, ასევე უვადოდ განწესება. ეს კანონი დიდი ხანია, დასახვეწია, თემებზე მუშაობა გაიწელა. პარლამენტში სამუშაო ჯგუფი იყო შექმნილი, რომელსაც შედეგების დადება გაეწელა. დაუყონებლივ, დროულად უნდა მოხდეს კანონების მიღება და ჩვენი პოლიტიკური ძალა პასუხისმგებლობას იღებს, რომ როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევის, ასევე სხვა მოსამართლეების დანიშვნის, დისციპლინური პასუხისმგებლობა-საქმიანობის წესების დარეგულირების თაობაზე. კანონპროექტები ყოველგვარი გადადებისა და დაბრკოლების გარეშე იქნება მიღებული. დაბრკოლება რომ არ ყოფილიყო, საქმე არ გამწვავდებოდა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დეპუტატის მოსაზრებით, სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ფაზა დაუყონებლივ უნდა იყოს დაიწყოს და ეს იმ პრობლემებს გაასწორებს, რაც საზოგადოებას აწუხებს.

„კარგი იქნება, თუ იუსტიციის საბჭო უვადოდ დანიშვნებს შეაჩერებს და ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ვიდრე პარლამენტის მხრიდან საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე კანონპროექტები მიღებული არ იქნება. როგორც კი კანონპროექტებს მივიღებთ და ვენეციის კომისიასთან პროცედურებს გავასწორებთ, ყველანაირი კითხვები მოსამართლეთა დანიშვნასა და იუსტიციის საბჭოს საქმიანობაზე მოიხსნება. შესაბამისად, შეგვეძლება, მოსამართლეთა განწესების თაობაზე მშვიდად ვიყოთ. კარგი იქნება, თუ საბჭოს მხრიდან დანიშვნები შეჩერება, რომ ამან ზედმეტი ვნებათაღელვა არ გამოიწვიოს. ეს გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს, ვერ დავავალებთ. ორი კონსტიტუციური ორგანო ვართ და როცა ურთიერთობა გამწვავებულია ასე და ჩანს, საკითხებმა რამხელა დაპირისპირება გამოიწვია. ნორმალური თანამშრომლობა იქნებოდა, რომ იუსტიციის საბჭოს თუ ისეთი მოსამართლეები არ ჰყავს, რომელთაც სამწლიანი ვადა ეწურებათ და მათი კანდიდატურა აუცილებლად განსახილველია, პარლამენტის მხრიდან კანონპროექტის მიღებას დაელოდონ და ეს იქნებოდა სწორი. ეს პარლამენტსა და სასამართლოს ჯანსაღი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარებოდა, რადგან მათი მხრიდან ხისტმა დამოკიდებულებებმა, სიის წარმოდგენამ ყველა საკმაოდ მძიმე ვითარებაში შეგვიყვანა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.