ირაკლი ქადაგიშვილი - დაწერონ, იუსტიციის საბჭოს რა ფუნქცია შევუცვალოთ კიდევ მეტი, რა არის უფრო მეტი ღიაობა, ალბათ ჭერს თუ გადავხდით შენობას
ირაკლი ქადაგიშვილი - დაწერონ, იუსტიციის საბჭოს რა ფუნქცია შევუცვალოთ კიდევ მეტი, რა არის უფრო მეტი ღიაობა, ალბათ ჭერს თუ გადავხდით შენობას

ვენეციის კომისია ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თაობაზე რეკომენდაცია შესასრულებელია, თუმცა არ ამბობს, კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი. ჩვენ ვიცით, რომელიც ძირითადი მოთხოვნაა იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით. ეს კონსტიტუციური ორგანოა და მისი ფუნქციები კონსტიტუციაშია განსაზღვრული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებებზე ვენეციის კომისიის მოსაზრებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„მთავარი მოთხოვნა გაჟღერებულია არა ვენეციის კომისიის მხრიდან, არამედ ზოგადად და ეს არის ის, რომ იყოს ორმაგი 2/3. მარტივად რომ ავხსნათ, ეს იმას ნიშნავს, რომ 15-კაციანი ორგანოს გადაწყვეტილება არ მიიღება, თუ 15 კაცში სამი იქნება წინააღმდეგი. სამართალი ისეთ ცნებას არ იცნობს, რომ
საბჭოში გადაწყვეტილება ასეთი კვორუმით მიიღებოდეს. მარტივი კითხვა გვაქვს: დაგვისახელონ, ევროპის ან ევროპის გარეთ არსებული ერთი ქვეყანა მაინც, სადაც ანალოგიური რეგულაცია მუშაობს. ასეთ პრაქტიკას და სამართლებრივ ცნებას ვერ ასახელებენ, მაგრამ რატომღაც ასეთი მოთხოვნა მხოლოდ საქართველოს მიმართაა. შთაბეჭდილება მრჩება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობა ბლოკირებული უნდა იყოს. ვენეციის კომისია ორმაგ 2/3-ს პირდაპირ ვერ ასახელებს, რადგან იმდენი კომპეტენცია აქვს, რომ ამის თქმა შეუძლებელია, თუმცა ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ვუყურებთ, სადაც ეს ძირითადი მოთხოვნაა. პარტნიორებთან დიალოგი და მსჯელობა გვაქვს. ყველაფერი ახსნადია – ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დაბლოკვისკენ იქნება მიმართული, არ იქნება მუშაობის ოპტიმალური ვარიანტი და რომლის ანალოგი საერთოდ არ არსებობს სამართლებრივ სისტემაში, რა ლოგიკით უნდა მივიღოთ? პარტნიორებთან უნდა ვისაუბროთ, თუ რა არის რომელიმე რეკომენდაციაში ისეთი რამ, რისი შესრულებაც საღ ლოგიკას უნდა ექვემდებარებოდეს. ვერ გვეუბნებიან, ეს ასეა თუ არა, სხვანაირად როგორ უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, მათ შორის, ვენეციის კომისიისგან მეტი კონკრეტიკაა საჭირო იმასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირება როგორ წარმოუდგენიათ.

„ხომ შეიძლება, ვინმემ თქვას, ორმაგი 2/3-ის გარდა, რა გავაკეთოთ? როგორ ფორმირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭო? მოსამართლეთა კონფერენცია 15 წევრიდან ცხრას ირჩევს, მეათეა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც ასევე არჩეულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მიერ. ოთხი წევრი აირჩევა პარლამენტის მიერ 90-ხმიანი კვორუმით. მაშინ 76-მდე დავწიოთ, რომ ავირჩიოთ. იმის გამო, რომ საქართველოში კონსენსუსი ბევრ რამეზე ვერ დგება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონი ცუდია. ერთს კიდევ პრეზიდენტი ნიშნავს. ფორმირების სხვა როგორი წესი მოვიფიქროთ? ეს ვინმემ უნდა დაწეროს და გვითხრან, მათ შორის, ვენეციის კომისიაში. როგორც წესი, გადაწყვეტილების მიღება საბჭოს მსგავს ორგანოებში ჩვეულებრივი უმრავლესობით ხდება. ჩვენთან კვალიფიციური უმრავლესობით ხდება და მეტი რა ვქნათ? ანუ, ისეთი კანონი მივიღოთ, რომელიც გადაწყვეტილების მიღების ალბათობას 10 პროცენტამდე დაიყვანს? იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რა ფუნქცია შევუცვალოთ კიდევ მეტი? დაწერონ – რა არის კიდევ უფრო მეტი ღიაობა, ალბათ ჭერს თუ გადავხდით შენობას. ეს ყველაფერი წერია და კონკრეტიკას ვერავინ მეუბნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.