ირაკლი ქადაგიშვილი – სახელმწიფო ვალდებულია, ელექტროენერგიის მოხმარება თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი საქართველოს ყველა კუთხეში
მცდელობა იყო, რომ სვანეთში ეს საკითხი საზოგადოებას დაერეგულირებინა და უკანონო ელექტროენერგიის გამოყენება მაინინგისთვის არ მომხდარიყო, მაგრამ, როგორც ანალიზმა გვაჩვენა, საკითხი არ გადაწყდა, ამიტომ არ შეიძლება, ელექტროენერგია გამოიყენებოდეს უკანონოდ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ეს იწვევს ელექტროენერგიის დეფიციტს, გადატვირთვას, ფინანსურ ზარალს კომპანიისთვის და ქვეყნისთვის, ასევე ადგილობრივ მომხმარებლებს უამრავ პრობლემას უქმნის.
„აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, ელექტროენერგიის მოხმარება თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა მოქალაქისთვის. მოვლენა რომ იმსახურებდა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, თვალნათელია. დღეს შესაბამისი პირობაა იმისთვის, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მიღებული იყოს და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა გამოუცხადეს კომპანიას, რომელიც იქ ფუნქციონირებს ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა იწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ.