თამარ ჩუგოშვილი - იმედია, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორებს საბაჟო შეთანხმების ფარგლებში მაინც დაუშვებს
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ რუსული მხარე შეთანხმებების პირობებს, როგორც წესი, არ ასრულებს და რთულია იმის თქმა, დაუშვებს თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორებს საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების თაობაზე შეთანხმების ფარგლებში.
„ჩემთვის შესაფასებლად ძალიან რთულია. ჩვენ მიჩვეულები ვართ, როდესაც რუსული მხარე საკუთარ პირობებს არ ასრულებს ხოლმე, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მონიტორების დაშვება ამ ეტაპზე მაინც მოხდება. ეს არის მნიშვნელოვანი პირველ რიგში იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, მაგრამ ვარაუდის გამოთქმა, პირობა შესრულდება თუ არა, ძნელია“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო თავის პირობებს ყოველთვის ასრულებდა.
„ყველა ეტაპზე აღებული ვალდებულებები საქართველოს შესრულებული აქვს. რუსეთი კი ის მხარე იყო, რომელიც პირობებს არ ასრულებდა. თუ ეს შეიცვლება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა დღეს განაცხადა, რომ საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების თაობაზე შეთანხმების სამოქმედო გეგმების განხილვას სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება.
რუსეთმა საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების თაობაზე შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი.
ზურაბ აბაშიძის თქმით, შვეიცარულ კომპანია SGS-სთან 2011 წელს შემუშავებული კონტრაქტი მხარეებს შორის საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს, რომელიც საბაჟო კორიდორების ნეიტრალური მონიტორების მიერ გაკონტროლებას ითვალისწინებს.