თამარ ჩუგოშვილი - გირგვლიანის საქმესა და არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეს შორის განსხვავება ძალიან დიდია
ეს ორი საქმე ერთმანეთს არ უნდა შევადაროთ, რადგან სანდრო გირგვლიანი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა თავისი ხელით, წამებით მოკლეს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი საზარელი აქტი კი, ძალიან ტრაგიკული ფაქტია, როდესაც ახალგაზრდებმა ერთმანეთი სასიკვდილოდ გაწირეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„გირგვლიანის საქმე იყო საქმე, სადაც ხელისუფლებას გადასარჩენი ჰყავდა და ხელი ჰქონდა დასაფარებელი ადამიანებზე და მთელმა საქართველომ იცოდა, ხელს ვის აფარებდნენ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეში არავინ არსებობს დასაფარი, დასამალი, ხელის დასაფარებელი და გადასარჩენი. საზოგადოება ამაში ნამდვილად დარწმუნდება. ასე რომ, გირგვლიანის საქმესა და ამ საქმეს შორის განსხვავება ძალიან დიდია“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ამ განცხადებით თამარ ჩუგოშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ხედავს თუ არა ის გირგვლიანის საქმესა და ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეს შორის მსგავსებას, რადგან დღის განმავლობაში პოლიტიკოსები ამ ორ საქმეს ერთმანეთს ადარებდნენ.
თამარ ჩუგოშვილმა ასევე განაცხადა, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრები რომელი პარტიის წარმომადგენლებიც არ უნდა იყვნენ, უნდა ეცადონ, საქმის გამოძიებას კეთილსინდისიერად მიუდგნენ და გვერდით გადადონ პოლიტიკური მოტივები, რომელიც დღეს ძალიან დიდი დოზით არის.
„ჩემთვის მთავარია, კითხვები არ დარჩეს და საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნება, ამას ჩემთვის მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. ეს ნამდვილად ძალიან დიდი ადამიანური ტრაგედიაა და ამას პოლიტიკური სპეკულაციები ნამდვილად არ სჭირდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.