თამარ ჩუგოშვილი - გიორგი გაბუნიას შვებულებაში ორი თვით გაშვება ადეკვატური ზომა არ არის
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხრიდან გიორგი გაბუნიას ორი თვით შვებულებაში გაშვება ადეკვატური ზომა არ არის.
როგორც ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, საზოგადოებამ ეთერით სრულიად ამაზრზენი აქტი იხილა. ჩუგოშვილის თქმით, საზოგადოების რეაქცია ასეთი ერთსულოვანი იმიტომ არ ყოფილა, რომ ეს მხოლოდ ეთიკის დარღვევა იყო.
„რუსთავი 2“-სგან ეთიკის დარღვევას მიჩვეულები ვართ და სიახლე არ არის. ამ არხს ეთიკურობაზე პრეტენზია არ აქვს. გუშინდელი გამოსვლა პროვოკაციული აქტი იყო, რომელიც ემსახურება ისედაც საკმაოდ მძიმე და დაძაბულ ურთიერთობებში დამატებითი დაძაბულობის ელემენტის შემოტანას. ამას შედეგები უკვე მოჰყვა. როგორც ვიცით, ქართველები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, პრობლემები ექმნებათ, ბევრი მათგანი სახლიდან ვერ გამოდის და სხვადასხვა სახის პრობლემები აქვთ. ვხედავთ, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო და ისედაც დაძაბული ურთიერთობის გამო რუსეთსა და საქართველოს შორის შეჩერდა ფინანსური გადმორიცხვები, შეჩერდა ექსპორტის შესაძლებლობები, შეჩერდა ფრენები. ამ დაძაბულ ვითარებას კიდევ უფრო ნავთის დასხმა არავისგან არ სჭირდება და არ შეიძლება, ნავთის დასხმა მოინათლოს როგორც პატრიოტიზმი, მით უმეტეს, ასეთი უზრდელური და უტაქტო ფორმით გადმოცემული.
ტელევიზიის მხრიდან გიორგი გაბუნიას შვებულებაში ორი თვე გაშვება ადეკვატური ზომა არ არის იმისთვის, რა ემოციებიც გამოიწვია ქვეყნის მასშტაბით, რადგან საზოგადოება ამ ქმედების შეფასებაში ერთიანი იყო“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
„რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, გიორგი გაბუნიას ორი თვით უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის ვებგვერდზეა განთავსებული.