თამარ ჩუგოშვილი - გაზრდილი საბიუჯეტო დაფინანსების წყალობით „ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ მუშაობას საფრთხე არ შეექმნება
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი იმ ქართველი მწერლებისა და გამომცემლების პროტესტს გამოეხმაურა, რომლებიც „მწერალთა სახლისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ გაუქმებას ეწინააღმდეგებიან.
მისი განცხადებით, ამ სსიპ-ების გაერთიანებით ფუნქციონირების პრობლემა არ შეექმნება ახლად ჩამოყალიბებულ „ლიტერატურის ეროვნული ფონდს“.
„რეალობა არის ის, რომ ორი სხვადასხვა სსიპი, რომელიც სამინისტროს ფარგლებში ფუნქციონირებდა არის გაერთიანებული. ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეუშლის ხელს ახალი სსიპ-ის ფუნქციონირებას. პირიქით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მუშაობა არის გაზრდილი. არასდროს სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება და ხელშეწყობა ასეთ თანხაში არ ყოფილა გამოხატული. ამიტომ ვფიქრობ, სრული შესაძლებლობა ექნებათ როგორც მწერლებს, ასევე გამომცემლებს, იმ სსიპ-ში, რომელიც ორის ნაცვლად ჩამოყალიბდა, საბიუჯეტო სახსრებიდან გამოყოფილი გაზრდილი დაფინანსების წყალობით საკმაოდ ეფექტურად იმუშაონ”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ქართველი მწერლებისა და გამომცემლების ნაწილი „მწერალთა სახლისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ გაუქმებას აპროტესტებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ მათ პრესკონფერენცია გამართეს.