ქართველი მწერლებისა და გამომცემლების წარმომადგენლები „მწერალთა სახლისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ აღდგენას ითხოვენ 
ქართველი მწერლებისა და გამომცემლების წარმომადგენლები „მწერალთა სახლისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ აღდგენას ითხოვენ 

ქართველი მწერლებისა და გამომცემლების ნაწილი „მწერალთა სახლისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ გაუქმებას აპროტესტებენ. დღეს მათ პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რეორგანიზაციის სახელით გაუქმდა „მწერალთა სახლი“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“ – კულტურის სამინისტროს ორი ყველაზე წარმატებული სსიპ- ი, რომლებიც თავის დროზე მწერლებთან, გამომცემლებთან კონსულტაციისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით დაარსდა.

„იმის ნაცვლად, რომ მადლობა გადაეხადათ წარმატებული მუშაობისთვის, უსამართლოდ გაათავისუფლეს ორივე ორგანიზაციის დირექტორი, ნატა ლომოური და დეა მეტრეველი. მოვითხოვთ, შეჩერდეს სახელდახელო და გაუზარებელი რეორგანიზაცია და მიეცეთ მწერლებს, ლიტერატორებსა და გამომცემლებს საკონსულტაციო პროცესში ჩართვის საშუალება, ასევე მწერალთა სახლისა და ეროვნული ცენტრის სამსახურიდან უმიზეზოდ დათხოვნილი დირექტორების ჩართვას და მათთვის ნორმალური სამუშაო პირობების შექმნას,“ – განაცხადეს ორგანიზატორებმა.

როგორც ნატო ლომოურმა განაცხადა, ისინი ითხოვენ  განათლებისა და კულტურის მინისტრთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას.

„გვინდა ავუხსნათ, რომ ეს დადგენილება იყო შეცდომა და ვითხოვთ, აღდგეს მწერალთა სახლი და წიგნის ეროვნული ცენტრი. ჩვენ ყველას მოგვეცეს საშუალება გავაგრძელოთ საქმიანობა“, – განაცხადა ნატა ლომოურმა.