თამარ ჩუგოშვილი - გადაწყვეტილება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ცალსახად რევოლუციური ცვლილებების დასაბამია ქართულ პოლიტიკურ სისტემაში
თამარ ჩუგოშვილი - გადაწყვეტილება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ცალსახად რევოლუციური ცვლილებების დასაბამია ქართულ პოლიტიკურ სისტემაში

გადაწყვეტილება, რომელიც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ და პოლიტსაბჭომ მიიღეს, ვფიქრობ, ცალსახად რევოლუციური ცვლილებების დასაბამია ქართულ პოლიტიკურ სისტემაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობა საარჩევნო კონსულტაციებს გაივლის როგორც საპარლამენტო ოპოზიციასთან, ისე პოლიტიკურ სექტორთან.

„სულ მალე გველოდება ძალიან სერიოზული ცვლილებები და განსხვავებული პოლიტიკური რეალობა, რაც ვფიქრობ, მისასალმებელია იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების მოთხოვნა სახეზეა კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონსულტაციებს, პირველ რიგში, უნდა დავასრულოთ სასესიო კვირა. ამ სესიაზე ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებებია დაგეგმილი. შემდგომ დავიწყებთ უკვე კონსულტაციებს ყველასთან, როგორც საპარლამენტო ოპოზიციასთან, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, ყველა პოლიტიკურ სექტორთან, ამისთვის სრულიად გახსნილები ვართ. რაც შეეხება იმას, ვისთან გვინდა საუბარი, გვინდა ყველა პოლიტიკურ ძალასთან და იმ ინდივიდებთან, ამ ძალების წარმომადგენლებთან, რომლებიც ელემენტარულად კონსტიტუციურ მოთხოვნებს სცემენ პატივს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებამ ნახა ძალიან სამწუხარო მოვლენები, როდესაც ძალიან ღიად, პირდაპირ ეთერში კრიმინალს ჰქონდა ადგილი. ჩუგოშვილის განცხადებით, ეს იყო სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობისკენ მოწოდება.

„ამაზე გვექნება დამატებით მსჯელობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ვაპირებთ საუბარს, ინდივიდებს რაც შეეხება, მოგვიანებით გეტყვით“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, რუსთაველის გამზირზე დასრულდება თუ არა აქციები, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ აქციების გამართვა არ არის პრობლემა. მისი თქმით, ყველას აქვს უფლება, აზრი მშვიდობიანად გამოხატოს.

„აქციები არ არის პრობლემა. თუ ჩათვლის ვინმე საჭიროდ, რომ თავისი აზრი მშვიდობიანად გამოხატოს, გააგრძელოს ამის გამოხატვა, ამაში ჩვენ პრობლემას ვერ ვხედავთ. ჩვენ ამ დღევანდელი გადაწყვეტილების საბაბი და საფუძველი იყო ის, რომ ძალიან ნათლად და მკაფიოდ ჩანდა საზოგადოების განწყობა და არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების, რომ სწორედ ახლა უნდა იქნას მიღებული პოლიტიკური სისტემის შეცვლის გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა ჩვენ საზოგადოებიდან მივიღეთ, დავინახეთ და შევასრულეთ. ყველა შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას არ ეყოფა უმრავლესობის ხმები. რომც დაუჭიროს ყველა უმრავლესობის წევრმა მხარი, მაინც არ იქნება საკმარისი. ჩვენ არ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ყველა შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების მიღებას დასჭირდება ასევე ოპოზიციის წევრების ხმები“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.