თამარ ჩუგოშვილი - Freedom House​-ის შეფასებები ქვეყნის იმიჯისთვის მნიშვნელოვანია
თამარ ჩუგოშვილი - Freedom House​-ის შეფასებები ქვეყნის იმიჯისთვის მნიშვნელოვანია

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ Freedom House​-ის შეფასებები მნიშვნელოვანია.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, Freedom House​-ს შეფასებებში აქცენტი ყოველთვის კრიტიკულ საკითხებზეა გაკეთებული არამხოლოდ საქართველოს, არამედ ნებისმიერ ქვეყანასთან მიმართებაში.

“ქულების თვალსაზრისით ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს რეგიონში ყველაზე მაღალი შეფასება ყველა ახლომდებარე ქვეყანასთან მიმართებით, რაც  მნიშვნელოვანი და კარგია. რაც შეეხება კონკრეტულ წუხილებს, ჯერ საქართველოსთან, კონკრეტულად ქვეყანასთან დაკავშირებით ცალკე ანგარიში გამოქვეყნებული არ არის, მხოლოდ შემაჯამებელი დასკვნაა მოცემული. აფგან მუხთარლისთან მიმართებით ახალი არაფერია, ვიცით, რომ ამ საქმემ გარკვეული კითხვები გააჩინა და გამოძიების დასრულების ეტაპზე მნიშვნელოვანია, კითხვებს პასუხი გაეცეს, რადგან სხვადასხვა საერთაშორისო აქტორების მხრიდან დაფიქსირდა  გარკვეული შენიშვნები და ანგარიშის სრულად გამოქვეყნების შემდგომ უფრო დეტალურად იქნება კომენტარები შესაძლებელი. ჩვენ ყოველთვის დეტალურად ვეცნობით და ვცდილობთ, რომ სამუშაო პროცესში გამოთქმული შენიშვნები გავითვალისწინოთ. ეს ქვეყნის იმიჯისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ შენიშვნებს ყურადღება მიექცეს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. მას 100-დან 64 ქულა აქვს მინიჭებული. ეს მაჩვენებელი საქართველოსთვის ბოლო სამი წელია უცვლელია