თამარ ჩუგოშვილი - ფრაქციის სულ სხვა გაგება არსებობდა და საკონსტიტუციო ცვლილებებით სრულიად სხვა გაგებას ვამკვიდრებთ
პარტიას პარლამენტში ფრაქცია ჰქვია, ამ ლოგიკით არც „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰქონდეს ექვსი ფრაქცია და არც „ევროპულ საქართველოს“ სამი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ განაცხადა.
„აქამდე ფრაქციის სულ სხვა გაგება არსებობდა და საკონსტიტუციო ცვლილებებით ჩვენ სრულიად სხვა გაგებას ვამკვიდრებთ. ფრაქციების აღქმა, რომელიც მათ შორის, ამ პარლამენტშია დამკვიდრებული არასწორია. ფრაქციის არსია, პოლიტიკურ ჯგუფს, ძალას წარმოადგენდეს და არა პარტიის შიგნით 6–კაციან ჯგუფებს. საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც ძალაში მომავალი წლიდან შედის, ერთი პოლიტიკური ძალის მიერ შეიძლება, მხოლოდ ერთი ფრაქცია შეიქმნას“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის კითხვაზე, როგორ შეიძლება შეფასდეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციების რაოდენობის გაზრდის ინიციატივა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ძალიან დიდი ფრაქციის მართვა ძალიან რთულია და ეს მართვის პროცესის უკეთ ორგანიზებისთვის კეთდება.
„უმრავლესობის პოლიტიკურ ჯგუფში 115 წევრია წარმოდგენილი, საიდანაც 86 ადამიანი ძირითად, „ქართული ოცნების“ ფრაქციაშია. მიუხედავად ასეთი დიდი წარმომადგენლობისა, სამწუხაროდ, წმინდა ადმინისტრირების, მართვის, დისციპლინის კუთხით პარლამენტს პრობლემა აქვს, ეს არის სხდომებზე დაგვიანება და ა.შ.“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დათვლილია თუ არა დამატებითი ფრაქციებისთვის საჭირო ხარჯები, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ფრაქციების დამატება განსაკუთრებული ხარჯებისა და დამატებითი რესურსების გამოყოფასთან დაკავშირებული არანაირად არ არის.