თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის ქალთა უფლებების კომიტეტში სიტყვით გამოვიდა
თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის ქალთა უფლებების კომიტეტში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის ქალთა უფლებების კომიტეტში (FEMM) თემაზე „გენდერული თანასწორობა საქართველოში“ სიტყვით გამოვიდა.

თამარ ჩუგოშვილმა ყურადღება გაამახვილა ხუთ ძირითად ასპექტზე. კერძოდ, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე, დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებაზე, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და საქართველოში არსებული გენდერული თანასწორობის ინსტიტუციურ მექანიზმებზე.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს მიერ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების მნიშვნელობას და თანმხლებ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი ძალადობის აღკვეთისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას და პრევენციის მექანიზმების შექმნა-გაძლიერებას. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნაა.

ჩუგოშვილის თქმით, სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის აქტიური მუშაობით საგრძნობლად გაიზარდა მიმართვიანობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, შეიქმნა ახალი რეგულაციები და მექანიზმები, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი – რისკების შეფასების მექანიზმი.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა დისკრიმინაციაზე და გამოყო სექსუალური შევიწროების რეგულირების საკითხი, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის გენდერული თანასწორობის საბჭოს და სამოქალაქო საზოგადოებას. მისი თქმით, საბჭომ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური კონსულტაციის შედეგად, მოამზადა და დააინიცირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სექსუალური შევიწროების რეგულირების შესახებ, რომელიც საკომიტეტო მოსმენების ეტაპზეა. პაკეტი ახდენს სექსუალური შევიწროების დეფინიციას და აყალიბებს აღსრულების მნიშვნელოვან მექანიზმს.

ამასთან, თამარ ჩუგოშვილმა ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე საუბრისას საქართველოს ისტორია გაიხსენა და დამსწრეებს საქართველოს წარსულიდან მნიშვნელოვანი ფაქტები გაუზიარა.

მისი თქმით, 100 წლის წინ, როდესაც შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დამფუძნებელი კრების წევრად ხუთი ქალი აირჩიეს, რაც იმ დროის მსოფლიოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალიან დიდ მიღწევად ითვლება და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ევროპულ სახელმწიფოებრიობას.

პირველმა ვიცე-სპიკერმა ქვეყანაში ამჟამად არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. კერძოდ, აღნიშნა, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების მხოლოდ 15 პროცენტი არის ქალი, რაც, მისი თქმით, დაბალი მაჩვენებელია და სამუშაო ამ კუთხით ბევრია. პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად მას გენდერული კვოტირების მექანიზმის შემოღება ესახება. იდეას მხარს უჭერს გენდერული თანასწორობის საბჭო. კვოტების კანონპროექტს მისაღებად პარლამენტს ძალიან ცოტა ხმა დააკლდა, თუმცა, საბჭო კვლავ აპირებს აღნიშნული კანონპროექტის დაინიცირებას. მან ასევე გამოყო ის ფაქტიც, რომ მიუხედავად პარლამენტში 15%-იანი წარმომადგენლობისა, პარლამენტარი ქალები მნიშვნელოვან პოზიციებზე არიან.

ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე საუბრისას თამარ ჩუგოშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ქალი პრეზიდენტის არჩევას, რაც მისი თქმით, რეგიონში პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევაა.

რაც შეეხება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ნაწილს, პირველმა ვიცე-სპიკერმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მიმართულებაზე. კერძოდ, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გენდერული თანასწორობის საბჭოს 2019 წლის საქმიანობის მთავარ ფოკუსს წარმოადგენს.

მისი თქმით, საბჭოს ფარგლებში შეიქმნება ორი თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომლებიც გამოიკვლევენ ქალთა მონაწილეობას სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

თამარ ჩუგოშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო მუშაობს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობის გამოთვლის მეთოდოლოგიის შემუშავებაზე, გენდერულ ბიუჯეტირებასა და გენდერული გავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაციაზე.

გენდერული თანასწორობის საკითხებზე საუბრისას თამარ ჩუგოშვილმა ქვეყანაში არსებული გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმებიც გააცნო დამსწრე საზოგადოებას: ისაუბრა აღმასრულებელ შტოში არსებულ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიაზე, ადგილობრივ თვითმმართველობებში ახლად შექმნილ მუნიციპალურ გენდერული თანასწორობის საბჭოებსა და საკანონმდებლო ორგანოში არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოზე.

თავისი გამოსვლის დასკვნით ნაწილში თამარ ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების კუთხით საქართველოში ჩადებული დიდი რესურსისა და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით განხორციელებული არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი კამპანიის წარმოებისთვის. ამასთან ერთად, პირველმა ვიცე-სპიკერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წვლილი ქვეყნის მასშტაბით მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებაში და მათ მადლობა გადაუხადა უწყვეტი თანამშრომლობისთვის.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.