თამარ ჩუგოშვილი - დღევანდელი განცხადება ძალიან კარგად აფასებს, თუ რა ტიპის კანონპროექტი შეიქმნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით
თამარ ჩუგოშვილი - დღევანდელი განცხადება ძალიან კარგად აფასებს, თუ რა ტიპის კანონპროექტი შეიქმნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით

ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ აქტიური დისკუსია იყო სასამართლოს რეფორმის გარშემო და ვფიქრობ, დღევანდელი განცხადება გარკვეულწილად წერტილს უსვამს ამ აჟიოტაჟს, ძალიან კარგად აფასებს, თუ რა ტიპის კანონპროექტი შეიქმნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფინალურ კანონპროექტს მიესალმებიან.

მისივე თქმით, დღევანდელი განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგად ასახავს, როგორი პროცესის შედეგად შეიქმნა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმის პაკეტი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში არსებულ ძალიან ბევრ პრობლემურ თემას სრულად აგვარებს, მათ შორის: იუსტიციის საბჭოსთან და მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებულ თემებს, ასევე, მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხებს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს პროცესში ჩართულობისთვის.

„მინდა მადლობა გადაუხადოთ ყველას – არა მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორებს, არამედ ყველა ორგანიზაციას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართული იყვნენ სამუშაო პროცესში. ვფიქრობ, ჩვენ შევძელით, ერთობლივი ძალებით ძალიან კარგი რეფორმის პროექტი შეგვეთავაზებინა საქართველოს პარლამენტისა და მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

დღეს აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მიესალმებიან სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა.