თამარ ჩუგოშვილი - დარწმუნებული ვარ, მაია ცქიტიშვილი ძალიან წარმატებული იქნება
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობიდან შესაძლო წასვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ნათელი და ძალიან მკაფიო პასუხი გასცა.
ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მაია ცქიტიშვილი პროფესიონალი და პასუხისმგებლიანი ადამიანია, რომელსაც როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
„დარწმუნებული ვარ, მაია ცქიტიშვილი ძალიან წარმატებული იქნება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, ამ ჭორების გავრცელება პირველად არ ხდება. როგორც ჩანს, ვიღაცას საზოგადოებაში არასტაბილურობის განცდის გაჩენა სჭირდება, მაგრამ პრემიერმა ამას ნათელი და ძალიან მკაფიო პასუხი გასცა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
თამარ ჩუგოშვილი ზურაბ ალავიძესთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ბრალდებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუკი კითხვები არსებობს, მათ შესასწავლად შესაბამისი ორგანოები არსებობენ.
„ზურა ალავიძეს ვიცნობ, როგორც საკმაოდ ეფექტურ მინისტრს. მასთან თანამშრომლობა მქონდა და თავის საქმიანობაში ძალიან ეფექტური იყო. არ ვიცი, ოპოზიციას რა კითხვები და ბრალდებები აქვს. რადგანაც, მან საჯარო სექტორთან დამშვიდობება გადაწყვიტა, პრემიერმა განცხადება დაუკმაყოფილა. თუ გადაცდომა იქნება, გამოძიების შესაბამისი მექანიზმები არსებობს“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, თამარ ჩუგოშვილმა იუსტიციის მინისტრად მის გადაყვანასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არასერიოზული უწოდა.
„ჩემზე ისიც ითქვა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად განვიხილებოდი, მაშინ, როცა შესაბამისი ასაკი არ მაქვს. ასეთ არასერიოზულ ინფორმაციას არ ვუპასუხებ“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.