თამარ ჩუგოშვილი - ჩვენს კანდიდატს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს და სავარაუდოდ, ის პირველ ტურში შეძლებს არჩევნების მოგებას
თამარ ჩუგოშვილი - ჩვენს კანდიდატს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს და სავარაუდოდ, ის პირველ ტურში შეძლებს არჩევნების მოგებას

ჩვენს კანდიდატს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს და სავარაუდოდ, ის პირველ ტურში შეძლებს არჩევნების მოგებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ზუგდიდში „ქართული ოცნების” მერობის კანიდიდატზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ინტერესებში ვერანაირად ვერ შევა ის, რომ ამ ფონზე ასეთი ვითარება გვქონდეს, ასეთი ხმაური, აგრესია და დაძაბულობა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად შედის, ან არ შედის მმართველი გუნდის ინტერესებში არჩევნების ყველა საშუალებით მოგება, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ბრალდებაა, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ამის საჭიროება ობიექტურად არ დგას. მისივე თქმით, ხელისუფლებას არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების ვალდებულება აქვს.

„ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, როგორც ჩაატარებს საქართველო არჩევნებს და როგორ გაუმკლავდება სხვადასხვა გამოწვევას. ამიტომ, უბრალოდ, შეუძლებელია, ვისაც ამ კუთხით ქვეყანაზე პასუხისმგებლობა აკისრია, მისი ინტერესი არ იყოს, არჩევნები მაქსიმალურად სუფთად და მოწესრიგებულად ჩატარდეს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მაშინ, როცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის რანგში არჩევნებს აკვირდებოდა, საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, როგორი იყო პოლიციის და შსს-ს როლი, დღეს კი, სრულიად სხვა ვითარებაა. 

„ეს იყო აბსურდი და მარაზმი. ახლა, მე ვფიქრობ, რომ შსს-ს თავისი ასე ვთქვათ, საგამოძიებო და პოლიციური ნაწილი სრულიად ჩახსნილი აქვს პოლიტიკური პროცესებისგან. ეს ასეც უნდა იყოს. ანუ, პოლიცია სრულიად დეპოლიტიზებული უნდა იყოს და როდესაც სამართალდარღვევა ხდება, პოლიციას არ უნდა აინტერესებდეს, ამას ვინ ჩადის – ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, თუ მეორე ძალის“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, „საქართველოს პირველი არხის” ანალიტიკოსის, მათე გაბიცინაშვილის შეკითხვაზე, ელოდება თუ არა მმართველი გუნდი არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის მატებას და რა სწრაფი მექანიზმი შეიძლება გამოიყენოს ყველა მხარეზე პასუხისმგებელმა ხელისუფლებამ პროცესის გასანეიტრალებლად, ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ის, რაც ზუგდიდში მოხდა, მიუღებელია, რაც არ უნდა განმეორდეს და იმედი გამოთქვა, რომ ყველა უწყება შეძლებს, ამ გამოწვევას გაუმკლავდეს.

„ის, რაც ვნახეთ, ნორმალური არ არის. პოლიტიკური გარემო ტოქსიკურია; ამას რაღაცნაირად უნდა გადავეჩვიოთ და მივეჩვიოთ იმას, რომ ადამიანებმა მშვიდად გააკეთონ არჩევანი, თუ ვის შეუძლია უკეთესი მომავლის შეთავაზება მათი ქალაქებისთვის, სოფლებისთვის, თუ ქვეყნისთვის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.